ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
საჰაერო თავდაცვის განვითარების კონცეფცია
საქართველოს საჰაერო თავდაცვის განვითარების კონცეფცია რთულ ვითარებაში და მოკლე ვადებში იქნა შემუშავებული, რომელიც განხილული და მოწონებული იქნა ეროვნული უშიშროების საბჭოს 2001 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე. მაშინ პანკისის ხეობის დაბომბვის და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გახშირებული საჰაერო დარღვევების ფონზე გადაწყდა საჰაერო თავდაცვის საკითხის განხილვა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გატანილიყო. ჩვენგან მოითხოვეს თუ რა ზომები უნდა გატარებულიყო, რათა აღგვეკვეთა მსგავსი დარღვევები.
მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან არაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ელემენტარული ზომები მიგვეღო. 30-40 მილიონიანი სამხედრო ბიუჯეტით მხოლოდ მოძველებული რადარების და 30 წლის წინანდელი საკომანდო პუნქტის ფუნქციონირების შენარჩუნებას ვახერხებდით.
ამიტომ თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ გრძელვადიანი კონცეპტუალური და პროგრამული დოკუმენტით წავრდგენილიყავით.
სხდომაზე კონცეფცია წარადგინა გენერალური შტაბის მაშინდელმა უფროსმა გენერალმა ჯონი ფირცხალაიშვილმა. ვესწრებოდით ასევე მე და გენერალი ჯოლბორდ ბეროზაშვილი (რა თქმა უნდა მთავრობა და პარლამენტის სპიკერი). კონცეფციამ და პირველი რიგის ღონისძიებათა პროგრამამ როგორც ყოფილი პრეზიდენტის, ასევე საბჭოს წევრების მოწონება დაიმსახურა.
შემდგომში, უშიშროების საბჭოსთან ერთობლივად, მომზადდა და გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ”საქართველოს საჰაერო თავდაცვის განვითარების პირველი რიგის ღონისძიებათა შესახებ” (№564, 07.05.2002). როგორც იმ წლებში იყო მიღებული, მთავრობის მიერ ეს განკარგულებაც არ შესრულებულა. არამარტო დაფინანსება არ გამოყოფილა, უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგებასაც ვერ მივაღწიეთ.
აღნიშნული პროგრამის მხოლოდ ერთი პუნქტი შესრულდა: ჩვენს მიერ მომზადებული იქნა საჰაერო თავდაცვის განვითარების 2005 წლამდე პერიოდის პროგრამა.
ამ პროგრამის მთავარი მიზანი იყო ნატო-სთან თავსებადი საჰაერო სივრცის კონტროლის სისტემის შექმნა, რათა მომხდარიყო მისი მიერთება ნატო-ს საჰაერო ვითარების მონაცემთა ბაზასთან, შემდგომში კი ნატო-ს საჰაერო თავდაცვის ერთიან სისტემაში ინტეგრირება. დსთ-ს საჰაერო თავდაცვის ერთიან სისტემაში ყოფნას ჩვენთვის დაბომბვების გარდა არაფერი მოუტანია. ნატო-ს საჰაერო მონაცემთა ბაზასთან მიერთებით კი მნიშვნელოვნად განვიმტკიცებდით უსაფრთხოებას, რადგან ჩვენი საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის ხელყოფა მთელი მსოფლიოსთვის დროის რეალურ მასშტაბში გახდებოდა ცნობილი. რა თქმა უნდა ეს პროგრამაც არ დაფინანსებულა.
ნატო-ს საჰაერო თავდაცვის კომიტეტთან თანამშრომლობა და ნატო-ს საჰაერო ვითარების მონაცემთა გაცვლის ბაზასთან მიერთება ჩვენი მუშაიბის მთავარი პრიორიტეტი იყო. ჩვენი (თავდაცვის, საგარეო ურთიერთობათა სამინსისტროების) მუშაობის შედეგად საქართველო ტექნიკური მზადყოფნის გარეშე გაწევრიანდა ნატო-ს საჰაერო ვითარების მონაცმთა გაცვლი პროგრამაში, რაზედაც არსებობს ნატო-ს შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა და ჩვენს ამ პროგრამაში გაწევრიანებაში დიდი წვლილი მიუძღვის საჰაერო ძალების დღევანდელ სარდალს, პოლკოვნიკ დავით ნაირაშვილს, რომელიც მაშინ ჩვენი სამხედრო წარმომადგენელი იყო ნატო-ში. იმედია ის დღეს ამ პროგრამას თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს და ამისრულებს იმ ოცნებას, რაც ჩვენი საჰაერო სივრცის ევროპის საჰაერო სივრცესთან მიერთებას გულისხმობს.
დღეს, როცა საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევენ არმიის განვითარებას, საჭიროა გრძელვადიანი (პერსპექტიული) დაგეგმარება, კონცეპტუალური და პროგრამული დოკუმენტების შემუშავება, სერიოზული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება.
ჩემს შემდგომ სტატიას დაგეგმარების მეთოდიკას მივუძღვნი. წინამდებარე სტატიაში კი ჟურნალ ”არსენალი”-ს მკითხველს ვთავაზობთ საქართველოს საჰაერო თავდაცვის განვითარების კონცეფციის განახლებულ ვარიანტს.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ აღნიშნული კონცეფცია 6 წლის წინ ნაჩქარევად, მოკლე ვადებში იქნა შემუშავებული. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მიღებული იქნა ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და ეროვნული სამხედრო სტრატეგია ( ეს უკანასკნელი. ჩემი აზრით, მეცნიერულად დასახვეწია). დაგროვდა დიდი გამოცდილება დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, როგორც ორმხრივი ურთიერთობებისას, ასევე ნატო-ს საჰაერო თავდაცვის კომიტეტის ფორმატით. რაც მთავარია, საჰაერო თავდაცვის განვითარებისათვის რეალური დაფინანსება გამოიყიფა. გამოყოფილი რესურსები კი მაქსიმალური ეფექტურობით უნდა იქნას გამოყენებული.
ამისათვის უნდა ვიცოდეთ რისი შექმნა გვინდა, რა მიზნის მისაღწევად მივილტვით. კონცეფცია ზოგადი დოკუმენტია. მასში ასახული უნდა იყოს მიზნები, პრინციპები, მოთხოვნები, გადასჭრელი ამოცანები, საჰაერო თავდაცვის პერსპექტიული მოდელი და სხვა. კონცეფციის საფუძველზე შემუშავებული უნდა იქნას გრძელ, საშუალო და მოკლევადიანი პროგრამები შესაბამისი ფინანსურ-ეკონომიური გათვლებით (როგორც შესყიდვების, ასევე შენახვის ხარჯების) და სამხედრო-სამეცნიერო დასაბუთებით (კრიტერიუმით ”ღირებულება-ეფექტურობა”).
საჰაერო თავდაცვის განვითარების კონცეფციის და ჟურნალში გამოქვეყნების იდეა ბატონ ირაკლი ალადაშვილს ეკუთვნის.
მკითხველს ვთხოვ თავისი მოსაზრებები და შენიშვნები გამოგზავნოს რედაქციის მისამართზე ან ელექტრონული ფოსტით salukvadze@list.ru. გარდა ამისა, მალე გაიხსნება ფორუმი მისამართზე www.army.ge.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებს შეუძლიათ წინამდებარე დოკუმენტი გადაამუშავონ და გამოიყენონ თავისი შეხედულებისამებრ.

საქართველოს საჰაერო თავდაცვის განვითარების კონცეფცია

1. ზოგადი საკითხები

ბოლო ათწლეულების გამოცდილების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საჰაერო სივრცეში უპირატესობის მიღწევას გადამწყვეტი როლი აქვს. კავკასიაში არსებული გეოპოლოტიკური ვითარების გათვალისწინებით, საჰაერო სივრცეში საკუთარი სახელმწიფო საზღვრების კონტროლს სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.
წლების განმავლობაში ადგილი ქონდა ჩვენის საჰაერო სუვერენიტეტის ხელყოფის ფაქტებს. აფხაზეთის მოვლენების დროს და შემდგომ წლებში ჩრდილოელი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან პერმანენტულად ხორციელდებოდა საბრძოლო გაფრენები ჩვენი ტერიტორიების და დასახლებული პუნქტების (ომის დროს - საბრძოლო პოზიციების) დაბომბვით, 2007 წელს კოდორის ხეობის სოფლების დაბომბვა ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი იყო. მსგავს ფაქტებს ადგილი ექნება მანამ, სანამ ჩვენს საჰაერო სივრცეში დაუსჯელობის სინდრომი იარსებებს. ამიტომ უნდა შეიქმნას საჰაერო სივრცეში სახელმწიფო საზღვრის, სხვა სიტყვებით, საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის კონტროლის სისტემა.
არსებული კანონმდებლობით საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის დაცვა ევალება თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ საჰაერო ძალებს.
ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭიროა ორი ძირითადი კომპონენტი:
-პასიური - მართვის და დაზვერვის საშუალებები საჰაერო სივრცეში არსებული ვითარების შესახებ საჭირო მოცულობის და ხარისხის ინფორმაციის მისაღებად;
-აქტიური - დარღვევის აღსაკვეთად ან საფრენი აპარატების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო საშუალებები (ავიაცია, საზენიტო კომპლექსები, რადიოელექტრონული ჩახშობის საშუალებები).
მშვიდობიან პერიოდში აქტიური ზემოქმედება, ანუ ავიაციის და საზენიტო კომპლექსების გამოყენება საჰაერო დამრღვევის წინააწმდეგ, არ უნდა იქცეს საჰაერო ძალების მოქმედებების ძირითად მეთოდად.
ადრე საჰაერო ძალებს უწევდა მოძველებული საბჭოური ტექნიკით დაფიქსირებული დარღვევების არადამაჯერებელი მასალების წარდგენა დამრღვევი მხარისათვის, რომელიც თავის მხრივ უარყოფდა წარდგენილ ბრალდებებს. უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომლის მეშვეობითაც შეასძლებებლი იქნება დარღვევის ფაქტის დოკუმენტირება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ობიექტური კონტროლის მასალების წარდგენა როგორც დამრღვევი მხარისათვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის (იკაო, ევროკონტროლი და სხვა), რომლებსაც გარკვეულ სიტუაციებში (მაგ.: სამოქალაქო ხომალდებისთვის საფრთხის შექმნა) სერიოზული სანქციების დაწესება შეუძლია. ჩვენს დასავლელ პარნიორებს კი მეტი საფუძველი ექნება პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.
საჰაერო თავდაცვის განვითარების კონცეფცია განსაზღვრავს საჰაერო რისკებს და საფრთხეებს, ასახავს საჰაერო თავდაცვის მიზნებს, ამოცანებს, პრინციპებს, სისტემის კომპონენტების აღწერას და განვითარების ძირითად მიმართულებებს.

2. რისკები და საფრთხეები

საქართველოს ეროვნული უშიშროების კონცეფცია საჰაერო სივრცეში სახელმწიფო საზღვრის დარღვევებს განიხილავს როგორც ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფის ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხეს. არსებობს გაყინული კონფლიქტების განახლების რისკი, ან სხვა პროვოკაციული ქმედებების საშიშროება რეგიონში ვითარების დასაძაბავად. განსაკუთრებით ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობის და რელიეფის პირობებში საჰაერო საშიშროება შენარჩუნებული იქნება.

3. საჰაერო თავდაცვის ფუნდამენტალური საფუძვლები

3.1 საჰაერო თავდაცვის მიზნები და ამოცანები

ყოველ დამოუკიდებელ სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი ტერიტორიის თავზე სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის უფლება. აქედან გამომდინარე, ისევე როგორც სახმელეთო და საზღვაო საზღვრებს, საჰაერო სივრცის სუვერენიტეტს უნდა იცავდეს და აკონტროლებდეს საკუთარი ძალებით დამოუკიდებლად ან მეგობარ ქვეყნებთან ერთობლივად.
საჰაერო თავდაცვა უნდა იყოს ერთიანი და განიხილებოდეს როგორც სახელმწიფოს თავდაცვის ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი.
საჰაერო თავდაცვა არის ერთიანი გეგმით და ჩანაფიქრით გაერთიანებული საჰაერო თავდაცვის, ასევე სპეციალურად გამოყოფილი ძალების და საშუალებების მოქმედებების და ღონისძიებათა კომპლექსი, მოწინააღმდეგის ავიაციისა და მართვადი რაკეტების მოქმედებების ეფექტურობის შემცირების ან მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.
საჰაერო თავდაცვის მიზანია:
-მშვიდობიანობის დროს - საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის დაცვა და საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაბამის სამოქალაქო სტრუქტურებთან ურთიერთქმედებაში;
-ომიანობის დროს - საჰაერო მოწინააგმდეგის შეტევითი ძალიასხმევის დაყვანა ისეთ დონემდე, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი ჯარების თავისუფალ მოქმედებებს და სამხედრო-პოლიტიკური მართვის სისტემის ფუნქციონირებას.
ამ მიზნების მისაღწევად საჰაერო თავდაცვისათვის გამოყოფილი ძალები და საშუალებები ასრულებენ შემდეგ ამოცანებს:
ა) მშვიდობიანობის დროს:
დაზვერვის მუდმივი წარმოება, საჰაერო მოწინააღმდეგის შესახებ ჯარების და სახელმწიფო ორგანოების შეტყობინება;
სამხედრო ძალების მშვიდობიანობის პერიოდიდან საომარ პერიოდზე გადასვლის საჰაერო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ქვეყნის საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების არასანქციონირებული ფრენების აღკვეთა;
საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ერთობლივი კონტროლი შესაბამის სამოქლაქო სტრუქტურებთან ერთად;
საჰაერო ვითარების შესახებ შეტყობინებათა ქსელში ინფორმაციის გაცემა.
ამ ამოცანების შესასრულებლად მუდმივი მზადყოფნის ნაწილებიდან უნდა გამოიყოს საჭირო ძალები და საშუალებები საბრძოლო მორიგეობის ორგანიზებისათვის.
ბ) ომიანობის დროს:
მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლა;
ადმინისტრაცილ-პოლიტიკური ცენტრების და სამრეწველო ეკონომიური რაიონების საჰაერო თავდაცვა;
დისლოკაციის (ბაზირების), გაშლისა და საბრძოლო მოქმედებების ადგილებში ჯარების დაჯგუფებების (ფლოტის ძალების), ასევე აეროდრომების, მართვის პუნქტების და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაფარვა საჰაერო დარტყმებისაგან.

3.2. პასუხისმგებლობა საჰაერო თავდაცვაზე

ახლო პერსპექტივაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მოუწევს მოქმედებები საჰაერო თავდაცვის როგორც აქტიური, ისე პასიური საშუალებების მკვეთრი უკმარისობის პირობებში. ამიტომ შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები უნდა მოქმედებდნენ ერთობლივად, ერთიანი მიზნებითა და გეგმით, ერთი მეთაურის ხელმძღვანელობით.
როგორც მშვიდობიან, ისე საომარ პერიოდში, პასუხიმგებლობა საჰაერო თავდაცვაზე ეკისრება საჰაერო ძალების სარდალს, რომელსაც უშუალოდ ან ოპერატიულად ექვემდებარება საჰაერო თავდაცვის ყველა საშუალება. ასეთი დაქვემდებარება უზრუნველყოფს საკუთარი ავიაციის მაქსიმალურ უსაფრთხოებას და მოწინააღმდეგის საფრენი საშუალებების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას.
საჰაერო ძალების სარდალი ვალდებულია სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მითითებების შესაბამისად შეიმუშავოს სხვა სახეობებთან ერთობლივად ქვეყნის მთელი ტერიტორიის, მნიშვნელოვანი ობიექტების და ჯარების დაჯგუფებების დაცვის, ავიაციის და საჰაერო თავდაცვის საშუალებების გამოყენების პრინციპები და წესები, მოამზადოს გაერთიანებული შტაბის განკარგულებები საჰაეროთავდაცვის შესახებ.
საჰაერო ძალები პასუხიმგებელია სხვა სახეობებთან ურთიერთქმედებაში დაიცვას ქვეყნის საჰაერო სივრცის სუვერენიტეტი.
სახმელეთო ჯარები პასუხისმგებელია:
საჰაერო თავდაცვის საშტატო ნაწილების მომზადებაზე, აღჭურვასა და უზრუნველყოფაზე;
შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან ურთიერთქმედებაში ჯარების დაჯგუფებების საჰაერო თავდაცვაზე;
გაერთიანებული შტაბის მითითებების საფუძველზე ქვეყნის მნიშვნელოვანი ობიექტების საჰაერო თავდაცვისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების გამოყოფაზე.
საზღვაო ძალები პასუხიმგებელია:
საზღვაო და სანაპირო ბაზირების საჰაერო თავდაცვის საშტატო ნაწილების მომზადებაზე, აღჭურვასა და უზრუნველყოფაზე;
შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან ურთიერთქმედებაში საზღვაო და სანაპირო ბაზირების საზენიტო საშუალებების გამოყენებით ფლოტის ძალების საჰაერო თავდაცვაზე;
გაერთიანებული შტაბის მითითებების საფუძველზე საჰაერო თავდაცვის ინტერესებისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების გამოყოფაზე.
გაერთიანებულ სარდლობებში პასუხისმგებლობა საჰაერო თავდაცვაზე ეკისრება ერთ პირს, როგორც წესი საჰაერო ძალების კომპონენტის მეთაურს.
ყველა დონის მეთაურები პასუხს აგებენ საკუთარი შენაერთების, ნაწილების და ქვედანაყოფების საჰაერო თავდაცვაზე საშტატო და მიკუთვნილი საზენიტო საშუალებების გამოყენებით. მეთაურებმა უნდა გაითვალისწინონ თუ რა ზეგავლენას მოახდენს საჰაერო საფრთხე მათი გეგმებისა და ამოცანების შესრულებაზე.

3.3. საჰაერო თავდაცვის ორგანიზების პრინციპები

საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის ორგანიზება უნდა მოხდეს შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:
ა) ერთიანი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების თავდაცვაზე.
ბ) საქართველოს საჰაერო თავდაცვის ტერიტორიული პრინციპით მოწყობა.
ეს ორი პრინციპი განპირობებულია ერთიან ტერიტორიაზე, ერთიან სფეროში მოქმედი ჯარების სხვადასხვა სახეობების საჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების შეთანხმებული გამოყენების აუცილებლობით, რაც საშუალებას იძლევა მიღწეული იქნას მაქსიმალური ეფექტურობა და უსაფრთხოება.
ტერიტორიული პრინციპის რეალიზებისთვის აუცილებელია ჯარების ყველა სახეობაში არსებული საჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების ოპერატიული მართვის ერთიანი სისტემის შექმნა.
გ) საჰაერო თავდაცვის წინასწარი დაგეგმვა და ორგანიზება. საჰაერო თავდაცვის წარმოება მაღალი დინამიურობით და სწრაფმსვლელობით გამოირჩევა. ეს მოითხოვს მოქმედებებისათვის მუდმივ მზადყოფნას, რაც წინასწარი დაგეგმარების და ორგანიზების გარეშე ვერ მიიღწევა.
დ) საჰაერო თავდაცვის ეშელონირება. ეს პრინციპი ითვალისწინებს საჰაერო მოწინააღმდეგეზე ზემოქმედებას მთელ სიღრმეში და ნებისმიერ სიმაღლეზე.
ე) ძალისხმევის მიმართვა ძირითად მიმართულებებზე და მნიშვნელოვანი ამოცანების გადასაწყვეტად. საჰაერო თავდაცვის ძალების და საშუალებების უკმარისობის პირობებში ძირითადი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმ მიმართულებებზე, საიდანაც მოსალოდნელია მეტი საშიშროება, პირველ რიგში დაცული უნდა იყოს მეტად მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელთა განადგურება ან დაზიანება წარმოადგენს საჰაერო მოწინააღმდეგის მოქმედებების მთავარ მიზანს.
ვ) სწრაფი მანევრის განხორციელება, ფარული განლაგება, მოულოდნელობა. ამ პრინციპის მიზანია საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების საპასუხო საჰაერო დარტყმებისგან გამოყვანა, ძალიხმევის მიმართულების შეცვლა, ჩასაფრებიდან მოქმედება, და სხვა.
ზ) საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების უშუალო დაცვა და თავდაცვა, დაზიანების ზონების ურთიერთგადაფარვა. აუცილებელია საჰაერო თავდაცვის (განსაკუთრებით საშუალო და შორი მოქმედების )კომპლექსების დაცვა დივერსიული ჯგუფების მოქმედებებისა და მაღალი სიზუსტის იარაღის ზემოქმედებისაგან.
თ) ადგილმდებარეობის და ამინდის პირობების სწორი გამოყენება. საჰაერო თავდაცვის ორგანიზებისას გათვალისწინებული უნდა იქნას კლიმატური პირობები, რელიეფი, ზღვისპირეთის თავისებურებები და სხვა.
ი) საბრძოლო მოქმედებების ყოველმხრივი უზრუნველყოფა, მარაგების შექმნა, შენარჩუნება და შევსება, საბრძოლო მოქმედებების რაიონის წინასწარი მოწყობა.

3.4. საჰაერო თავდაცვის სიტემის მოკლე აღწერილობა

საჰაეროთავდაცვის ძალები და საშუალებები, გაშლილი საბრძოლო წყობაში და ბაზირებული აეროდრომებზე, წარმოქმნიან საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც ფუნქციონალურად შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: მართვის, დაზვერვის, საზენიტო ცეცხლის, საავიაციო-გამანადგურებელი დაფარვის, რადიოელექტრონული ჩახშობის, უზრუნველყოფის და მომზადების სისტემები.
მართვის სისტემა არის ქვეყნის ერთიანი საჰაერო თავდაცვის სიტემის საფუძველი და წარმოადგენს ფუნქციონალურად შერწყმულ მართვის ორგანოებს, პუნქტებსა და საშუალებებს.
მართვის სისტემამ უნდა უზრუნვეყოს როგორც საშტატო, ისე ოპერატიულად დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა.
დაზვერვის სისტემა წარმოადგენს სივრცეში და დროში დაგეგმილ და ორგანიზებულ რადიოლოკაციური, რადიოელექტრონული და სხვა საშუალებების აღმოჩენის (დაზვერვის) ზონების ერთობლიობას.
გათვლების საფუძველზე უნდა დაიგეგმოს საჭირო რადარების რაოდენობა. რადიოლოკაციური ველი უნდა შეიქმნას სხვადასხვა ტიპის, დანიშნულების და დიაპაზონის რადარებისგან, რათა რთული იყოს მისი ჩახშობა მოწინააღმდეგისათვის. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კრიზისულ სიტუაციებში, განსაკუთრებით მთაგორიან რელიეფში, უნდა გაიშალოს ვიზუალური სათვალთვალო საგუშაგოები დაბალ სიმაღლეზე და რელიეფის გამოყენებით მფრენი მიზნების აღმოსაჩენად. დაზვერვის სისტემა უნდა იყოს ეშელონირებული სიმაღლეში და სიღრმეში, უნდა შეიქმნას მობილური ქვედანაყოფები რადიოლოკაციური ველის გასაძლიერებლად საჭირო მიმართულებებზე.
მართვის და დაზვერვის სიტემების მოდერნიზების მთავარ ამოცანად უნდა იქცეს შორეული აღმოჩენა და სამუშაო დროის მინიმუმამდე დაყვანა აღმოჩენიდან აქტიური საშუალებებისათვის მიწოდებამდე.
საზენიტო ცეცხლის სისტემა წარმოადგენს მიმართულებების, სიმაღლეების, ზღუდეებისა და სექტორების მიხედვით დაგეგმილ და ორგანიზებულ საზენიტო საშუალებების განადგურების ზონების ერთობლიობას.
საავიაციო-გამანადგურებელი დაფარვის სიტემა წარმოადგენს მიმართულებების და სიმაღლეების მიხედვით დაგეგმილ და ორგანიზებულ გამანადგურებელი ავიაციის ბრძოლაში ჩართვის ზღუდეების, ჰაერში მორიგეობის ზონების, დამოუკიდებელი მოძებნის და ავტონომიური მოქმედებების რაიონების ერთობლიობას.
პერსპექტივაში მიზანშეწონილია მრავალმიზნობრივი გამანადგურებლების შეძენა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ეფექტური ბრძოლა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მიზნების წინააღმდეგ.
საქართველოს მთაგორიანი რელიეფიდან გამომდინარე, ავიაციის გარეშე მთელი ტერიტორიის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა შეუძლებელია.
რადიოელექტრონული ჩახშობის სისტემა დროის, მიმართულებების, ზღუდეებისა და სექტორების მიხედვით დაგეგმილ და ორგანიზებულ რადიოელექტრონული ჩახშობის საშუალებების ზონების ერთობლიობას.
თანამედროვე ბრძოლები მიმდინარეობს რთულ რადიოელექტრონულ ვითარებაში. ამიტომ ამ სფეროს განვითარების გარეშე შეუძლებელი იქნება საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების და ავიაციის ეფექტური მოქმედებები.
უზრუნველყოფის სისტემა იქმნება ლოგისტიკის ობიექტებისა და ქვედანაყოფების, ასევე საჰაერო თავდაცვის ნაწილების უზრუნველყოფისათვის საჭირო სახელმწიფო თუ კერძო ობიექტების ბაზაზე. მხოლოდ შესყიდვები და დასაწყობება არ ნიშნავს უზრუნველყოფას. არსებობს უზრუნველყოფის რამოდენიმე ათეული სახეობა. ამ სფეროს სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს, მომზადდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
მომზადების სისტემა წარმოადგენს საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადებისათვის საჭირო სასწავლო-მატერიალური ბაზის და საწავლო-აღმზრდელობითი საშუალებების ერთობლიობას.
დღეს საჰაერო ძალებს საკუთარი მომზადების ცენტრები არ გააჩნიათ. საკადრო საკითხი სერიოზულ მიდგომას საჭიროებს. უნდა ჩამოყალებდეს საჰაერო ძალების კადრების მომზადების და გადამზადების სისტემა, რომელიც გათვლილი უნდა იყოს უახლოესი 10-15 წლის პერსპექტივაზე. ყველა სამხედრო მოსამსახურეზე შედგენილი უნდა იყოს სავარაუდო საკარიერო გზა და მომზადების თუ გადამზადების ეტაპები. საკადრო სისტემა უნდა გათავისუფლდეს გუნდური პრინციპიდან და ჯარში უნდა დამყარდეს ჯანმრთელი კარიერიზმი, დაფუძნებული პატრიოტიზმზე, პროფესიონალიზმზე და დისციპლინაზე. სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს კადრების შენარჩუნების საკითხს.

4. საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები

საჰაერო თავდაცვის სიტემა იქმნება ქვეყნის საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად და უნდა აკმაყოფილებდეს: სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.
საჰაერო მოძრაობის ნაკადების მკვეთრი ზრდის პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამხედრო და სამოქალაქო სტრუქტურების ეფექტურ კოორდინაციას საჰაერო სივრცის გამოყენებისას. კოორდინაციის ძირითად ამოცანებად უნდა დაისახოს:
საჰაერო სივრცის გამოყენებისას მაქსიმალური უსაფრთხოების და ეფექტურობის მიღწევა;
სახელმწიფო რესურსების რაციონალური გამოყენება.
ზემოთაღნიშნული მიიღწევა:
ტექნიკური საშუალებების განვითარების და გამოყენების კოორდინაციით შიგაუწყებრივი და ერთობლივი ამოცანების გადასაწყვეტად;
ინფორმაციის ურეთიერთგაცვლით;
სპეციალისტების ერთობლივი მომზადებით;
ერთობლივი საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებით და სხვა.
საქართველოს მთაგორიანი რელიეფის და მცირე გეოგრაფიული ზომების გამო საჰაერო ძალები ვერ შეძლებენ საჰაერო სივრცის დარღვევის დროულად აღკვეთას საჰაერო სივრცის ექსპლოატანტებთან მჭიდრო ურთიერთქმედების გარეშე.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის სისტემის ეტაპობრივი ინტეგრირება ნატო-ს საჰაერო თავდაცვის გაერთიანებულ სისტემაში. ეს საშუალებას მოგვცემს საწყის ეტაპზე საქართველოს საჰაერო სივრცის მთლიანი სურათი დროის რეალურ მასშტაბში აისახოს ნატო-ს საკომანდო პუნქტებზე.
ამ ამოცანის გადაჭრა საჰაერო ძალების განვითარების მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს უახლოეს წლებში. ამისათვის საჰაერო ძალების ცენტრალური საკომანდო პუნქტის ბაზაზე უნდა შეიქმნას საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის კონტროლის ცენტრი, სადაც უნდა აისახოს საჰაერო სივრცის ვითარების ერთიანი სურათი. ერთიან სურათში იგულისხმება ინფორმაცია, მიღებული როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო რადარებიდან. ასეთი სურათის არსებობის პირობებში მინიმალურ ვადებში იქნება შესაძლებელი არასანქციონირებული ფრენების გამოვლენა, შესაბამისად მეტი დრო იქნება რეაქციისათვის დარღვევის აღსაკვეთად.
ასეთი სისტემის შექმნის შემდეგ შესაძლებელი იქნება ნატო-ს საჰაერო ვითარების მონაცემთა გაცვლის ბაზასთან მიერთება.
ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემაში შემდგომი ინტეგრირების ეტაპები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ დაზუსტდება. მანამდე კი უნდა გაგრძელდეს საჰაერო თავდაცვის სისტემის სრულყოფა როგორც სარადარო სისტემებით, ასევე აქტიური საშუალებებით (საზენიტო კომპლექსები, ავიაცია, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები), მოეწყოს საბრძოლო და ტექნიკური პოზიციები, მართვის პუნქტები, მომზადდეს კადრები.
საჰაერო თავდაცვის სისტემის ძირითადი მოდელის შექმნა 4-5 წლის განმავლობაში უნდა დაიგეგმოს, შემდგომ წლებში უნდა გაგრძელდეს სისტემის დახვეწა და შერწყმა.
საჰაერო თავდაცვის სისტემის მოდელის შესამუშავებლად საჭირო კვლევები უნდა ჩატარდეს. არსებობს დაგროვილი მსოფლიო გამოცდილება და არსებული რეალობა. ჩვენი გეოგრაფიული და რელიეფური პირობებიდან გამომდინარე მთლიანი სივრცის დასაცავად აუცილებელია გამანადგურებელი ავიაცია. საზენიტო კომპლექსებით კი უნდა უზრუნველვყოთ დედაქალაქის, სანაპირო ზოლის და ჯარების დაჯგუფებების საჰაერო თავდაცვა.
შეიარაღების და ტექნიკის შეძენისას უნდა დავეყრდნოთ ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგებს, რომელთა მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს ”ღირებულება-ეფექტურობა”.

5. დასკვნითი ნაწილი

საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გეგმიური განვითარება წინამდებარე კონცეფციის მოთხოვნების გათვალისწინებით უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის კონტროლის თანამედროვე სისტემის შექმნას და რესურსების რაციონალურ ხარჯვას.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja