ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ისრაელის არმიის შექმნის მოკლე ისტორია
1949 წელს ისრაელის არმიის გენერალურ შტაბს სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა გენერალი იადინი. მან პირადად შეიმუშავა არმიის აღმშენებლობის ფორმები. საფუძვლად ბრიტანული მოდელი აიღო, ხოლო კადრების მომზადების და მობილიზაციის სისტემაში ბევრი რამ შვეიცარიის გამოცდილებიდან გადმოიღო. არმიის გამოყენების დოქტრინის შემუშავება სპეციალურ კომიტეტს დაევალა.
დოქტრინის შემუშავებისას სრული გეოპოლიტიკური ანალიზი გაკეთდა, რომლის დასკვნები ისრაელისთვის საკმაოდ წამგებიანი იყო. გეგრაფიული რეალობიდან გამომდინარე, როცა სახეზეა მოწინააღმდეგის მოსახლეობის მრავალჯერადი რიცხობრივი უპირატესობა, შესაძლო ომის შემთხვევაში ისრაელი ვერ შეძლებდა გამარჯვების მიღწევას მისი განადგურების გზით. ასევე ვერ შეძლებდა ხანგრძლივი ომის წარმოებას, რადგან ომი მოითხოვდა მოსახლეობის დიდი რაოდენობით მობილიზებას, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევდა ქვეყნის ეკონომიკის კრახს. ქვეყნის მცირე ზომების გამო ისრაელი შეზღუდული იყო მანევრის მხრივ. არ არსებობდა ასევე ბუნებრივი წინააღმდეგობები.

აქედან გამომდინარე ისრაელს შეეძლო ეწარმოებინა ხანმოკლე ომი და უნდა მიეყენებინა მოწინააღმდეგისთვის ისეთი ზარალი, რომლის შემდეგ ის დიდხანს ვერ შეძლებდა საბრძოლო მოქმედებების განახლებას. სწორედ ეს მიზანი იქნა დასახული არმიის რეფორმირებისას. ისრაელის არმიას უნდა შეძლებოდა მოკლე ვადებში მობილიზება, სწრაფი და ეფექტური ოპერაციების წარმოება, ძალისხმევის გადატანა ერთი ფრონტიდან მეორეზე. ამ ამოცანის მიღწევა კი შესაძლებელი იქნებოდა დახვეწილი სტრუქტურის, მობილურობის და მაღალი პროფესიონალიზმის შემთხვევაში.

არმიის შემდეგი რევოლუციური გარდაქმნა დაიწყო 1953 წლიდან, როცა გენერალური შტაბის უფროსად მოშე დაიანი დაინიშნა. დაიანმა ძირითადი აქცენტი პროფესიონალიზმზე გააკეთა. მან შექმნა პროფესიონალი ოფიცრებისთვის ნორმალური კარიერული ზრდის პირობები. დაიანმა იცოდა, რომ მთავარი იყო მეთაურებად წარმატებული ოფიცრების დანიშვნა და მათთვის პირობების შექმნა, დანარჩენს კი ისინი თავისით მიაღწევდნენ.

რეფორმა უფრო ორგანიზაციულ ხასიათს ატარებდა, ვიდრე ტექნიკურს. ისეთი უზრუნველყოფის ობიექტები, როგორიცაა საცხობები, სამრეცხაოები, სახელოსნოები გამოყვანილი იქნა არმიის სტრუქტურიდან. მათი ფუნქციები სამოქალაქო სექტორს გადაეცა (ა.ს.: მსგავსი რეორგანიზაცია ქართულ არმიაში წინამორბედმა თავდაცვის მინისტრმაც განახორციელა, რაც საკმაოდ ეფექტური ნაბიჯი იყო, მაგრამ სამწუხაროდ მას ახლდა გაუმართლებელი საკადრო წმენდა გაუგებარი და არმიისთვის მიუღებელი გუნდური პრინციპით, რის გამოც რეფორმებმა სათანადო შედეგი ვერ გამოიღო).

კარდინალურად შეიცვალა ოპერციების დაგეგმარების წესი. პასუხისმგებლობა ოპერაციის დაგეგმარებაზე გადავიდა შემსრულებელზე. გენერალური შტაბი გასცემდა დირექტივებს და მოითხოვდა ანგარიშებს მიმდინარე პროცესების ან წარმოქმნილი პრობლემების შესახებ. ინიციატივა და დამოუკიდებელი მოქმედებები მაქსიმალურად იქნა წახალისებული.

მოშე დაიანმა დაამკვიდრა ისეთი წესები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მოქმედებდნენ ისრაელის არმიაში. ყველა მეთაური სერჟანტიდან გენერლამდე სამეთაურო საფეხურებს მკაცრად თანმიმდევრობით გადიოდნენ ყველაზე დაბალი თანამდებობიდან. ოფიცერთა სკოლაში ირიცხებოდნენ მხოლოდ რიგითებიდან. განათლებას და სოციალურ მდგომარეობას მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. მთავარი იყო ლიდერის თვისებები. ბატალიონის მეთაურის თანამდებობიდან ოფიცერი ვალდებული იყო ესწავლა, რისთვისაც მას აძლევდნენ ფასიან შვებულებას. 40 წლის შემდეგ კი ოფიცერი რეზერვში ირიცხებოდა. 45 წელზე ასკოვანი გენერალიც კი არ იყო არმიაში (თვითონ დაიანიც 43 წლის ასაკში გავიდა თადარიგში). უპირატესობა ენიჭებოდა ახალგაზრდა ოფიცრებს და ახალ იდეებს. ყველასათვის ცნობილია ისრაელში არიელ შარონის, მეირ ამიტის და სხვა გამოჩენილი ხალხის სწრაფი კარიერული ზრდა და მათი წარმატებული მოღვაწეობა სხვადასხვა ომებში.

თუმცა იყო ასეთი ფაქტიც. ერთი კაპიტანი, ასეულის მეთაური, საბრძოლო მოქმედებებისას ღაზას საზღვართან საბრძოლო ჯიპით მოწინააღმდეგის ჩასაფრებაში მოყვა. მან დატოვა თავისი მძღოლი ჯიპთან, თვითონ კი დამხმარე ძალების მოსაყვანად გაემართა. ამის გამო დაიანმა კაპიტანი ჯარიდან გააგდო, რაზედაც მას უფლება არ ქონდა. გენშტაბის უფროსის აზრით მსგავს სიტუაციაში მეთაურს არ უნდა მიეტოვებინა თავისი ხელქვეითი საფრთხეში. საარბიტრაჟო კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი დარღვევისთვის სასჯელი ზედმეტად მკაცრი იყო და აღადგინა ოფიცერი შეიარაღებულ ძალებში, აღუდგინა წოდება, ოღონდ ასეულის მეთაურის თანამდებობიდან გადაყენებული იქნა. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა წყდებოდეს ოფიცრის ბედი, არა ერთპიროვნულად, არამედ კოლექტიურად. თითქოს დაიანის გადაწყვეტილება სწორი იყო, მაგრამ კანონის უზენაესობაა მთავარი (ა.ს.: სამწუხაროდ ჩვენს არმიაში 2005-2006 წლებში სხვა პრინციპი დაინერგა. იმედია მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდება. თუმცა ერთეულ შემთხვევებს ახლაც აქვს ადგილი. ახლახან გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი პროფესიონალი ოფიცერი. დარწმუნებული ვარ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის რეალური მიზეზი უცნობია. უფრო ცოტა ხნით ადრე არმიიდან წავიდა ერთ-ერთი წამყვანი მფრინავი. ადრინდელ ფაქტებზე წინა სტატიებში გვეწერა და აღარ გავაგრძელებ. უბრალოდ მოვუწოდებ სარდლებს და მეთაურებს უფრო მეტად გაუფრთხილდნენ კადრებს. ასე იოლად ნუ გამოემშვიდობებიან ომგამოვლილ და ნასწავლ ახალგაზრდა ოფიცრებს მათი კარიერის საუკეთესო პერიოდში).

1956 წლის ომის შემდეგ მეტი ყურადღება მიექცა სატანკო ქვედანაყოფების განვითარებას როგორც ტექნიკურად, ასევე ორგანიზაციულად. ავიაციის მიმართ ინტერესი არ შენელებულა და მის განვითარებაზე ისევ გამოიყოფოდა მთლიანი დაფინანსების ნახევარი. სრული რეორგანიზაცია განიცადა სამობილიზაციო სისტემამ.
საპირისპიროდ განსხვავებული სურათი იყო არაბულ ქვეყნებში, განსაკუთრებით ეგვიპტეში. სამხედრო გადატრიალების შემდეგ ოფიცრები და გენერლები სარგებლობდნენ ისეთი პრივილეგიებით, რაც უბრალო ადამიანებისთვის წარმოუდგენელიც კი იყო. თავდაცვის მინისტრს ფელდმარშალ (!) ამერს მინისტრის თანამდებობის გარდა სხვა უამრავი ფუნქცია ეკისრა (პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე, მეცნიერების მინისტრი, ფეოდალიზმის ლიკვიდაციის კომისიის თავმჯდომარე და სხვა), რაც უარყოფითად მოქმედებდა მის მიერ თავდაცვის სამინისტროს ეფექტიან ხელმძღვანელობაზე. ეგვიპტის პრეზიდენტი ნასერი კი პირადად აკონტროლებდა მისდამი ერთგული ოფიცრების და გენერლების დაწინაურებას. ასეთ პირობებში შეუძლებელი იყო წარმატებული რეფორმების ჩატარება.

საბრძოლო მოქმედებების ორგანიზაცია და უზრუნველყოფა

საბრძოლო მოქმედებების ორგანიზების ხარისხზე მისი შედეგებითაც შეიძლება ვიმსჯელოთ. ომისათვის სამზადისი არ გამოიხატებოდა მხოლოდ შესყიდვებით, ტექნიკის მოდერნიზაციით ან სპეციალისტების მომზადებით. ოპერაცია დეტალურად იყო დაგეგმილი და მომზადებული. ყოველი წუთი და ალბათ წამიც გათვლილი იყო მართვის ყველა რგოლში. ოპერაციაში მონაწილე ძალებმა ზუსტად იცოდა ვინ, როდის და როგორ მოქმედებდა. ოპერაციის წარმატებულობაზე დიდი გავლენა იქონია საბრძოლო მოქმედბების ყოველმხრივი უზრუნველყოფის ხარისხიანად დაგეგმარებამ და ორგანიზებამ.

შენიღბვა

შენიღბვის მთავარი მიზანი მოულოდნელობის მიღწევა იყო. ამ საკითხზე გვეწერა წინა სტატიებში. ახლა მხოლოდ ერთ კურიოზულ ფაქტს მოვიყვან. 1967 წლის 5 ივნისი ჩვეულებრივად დაიწყო. ეგვიპტის საჰაერო ძალები მზად იყვნენ ომისათვის. გამანადგურებლები იმყოფებოდნენ 5-წუთიან მზადყოფნაში ასაფრენად. ღამის სმენის პატრულები დაჯდნენ საწვავის გასამართავად დილის 7 საათსა და 35 წუთზე. ისრაელის 40 თვითმფრინავი ასრულებდა გეგმიურ სასწავლო ფრენას ერთსა და იმავე სქემით უკვე ორი წლის განმავლობაში. ამ ფრენებს ეგვიპტის საკომანდო პუნქტებზე არავითარი განგაში არ გამოუწვევია. არავის გაჩენია იმის ეჭვი, რომ ისრაელი საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებდა და თითქოს და სასწავლო მისიაზე გამოფრენილი ებრაული თვითმფრინავები საბრძოლო დარტყმებს განახორციელებდნენ. ამ დროს ჰაერში ეგვიპტის ილ-14 იყო, რომლის ბორტზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ფელდმარშალი ამერი, საჰაერო ძალების შტაბის უფროსი გენერალი მაჰმუდი და მათი სტუმარი, საბჭოთა ავიაციის გენერალი. საბჭოთა გენერალმა მიიღო ინფორმაცია, რომ ჰაერში არცერთი თვითმფრინავი არ იმყოფება, გარდა მათი ბორტისა და ისრაელის სასწავლო მისიისა ხმელთაშუა ზღვაში. ეს ფაქტი კარგად მიუთითებს თუ რადენად მოულოდნელი აღმოჩნდა ეგვიპტისთვის საომარი მოქმედებების დაწყება. ფელდმარშალი ამერი ბეწვზე გადარჩა, რადგან მისი ბორტი ალბათ შეუმჩნეველი დარჩა ებრაული გამანადგურებლებისთვის. შემდეგ რაც მოხდა ყველასათვის ცნობილია. ეგვიპტის ავიაცია კი 170 წუთის შემდეგ ფაქტიურად აღარ არსებობდა.

დაზვერვა

ისრაელი აქტიუად აწარმოებდა ყველა სახის დაზვერვას საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე. ასევე სარგებლობდა აშშ-ის კოსმოსური და საჰაერო დაზვერვის მონაცემებით. საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან კი დაზვერვისთვის გამოიყენებოდა 20% თვითმფრინავგაფრენა. საჰაერო დაზვერვის მთავარი ამოცანა იყო ეგვიპტის, იორდანიის, ლიბანისა და სირიის ჯარების დაჯუფებებზე და სტრატეგიულ ობიექტებზე თვალთვალი.
დაზვერვის სამსახური ამუშავებდა დაზვერვის დეტალურ გეგმას მიზნებით, ამოცანებით, მართვის და უზრუნველყოფის საკითხებით, ინფორმაციის დაყვანის წესებით. გეგმის საფუძველზე გამოიცემოდა საბრძოლო ბრძანებები ესადრილიებისთვის, რომლებშიც მითითებული ყო ინფორმაცია მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ობიექტების შესახებ. ესკადრილიის მეთაური ბრძანებას იღებდა ერთი დღეღამით ადრე, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებისას კი 1-2 საათით ადრე.
საჰაერო დაზვერვას აწარმოებდა მზვერავი-თვითმფრინავები ფ-4ც, მირაჟ III, ვოტური, უპილოტო-სადაზვერვო თვითმფრინავები. დაზვერვა წარმოებდა დღისითაც და ღამითაც, როგორც დამოუკიდებლად, ასევე დამრტყმელი ჯგუფების შემადგენლობაში. სადაზვერვო ავიაციის მართვა ხდებოდა ცენტრალიზებულად საჰაერო ძალების საკომანდო პუნქტიდან, ხოლო უშუალოდ ეკიპაჟების მართვა კი - გამიზვნის პუნქტებიდან. სადაზვერვო ინფორმაციის გადასაცემად ეკიპჟებს კავშირი ქონდათ საზღვაო ფლოტის და საჰაერო თავდაცვის საკომანდო პუნქტებთან, ასევე ავიაციის წარმომადგენლებთან სახმელეთო ჯარებში. დაზვერვა წარმოებდა ბრძოლის წინ, უშუალოდ დამრთყმელი ჯგუფების შემადგენლობიდან დარტყმამდე და დარტყმის შემდეგ შედეგების ფოტოგრაფირების მიზნით.
სადაზვერვო ინოფმაციის გადასაცემად შექმნილი იყო კავშირის ქსელი ძირითადი და სათადარიგო არხებით. სადაზვერვო მონაცემები გადაეცემოდა როგორც საკომანდო პუნქტებს, ასევე უშუალოდ დამრტყმელ ჯგუფებს. შემდეგ ხდებოდა ინფორმაციის გაშიფრვა-გადამუშავება დაინტერესებული შტაბების მიერ. დაზვერვის ეფექტიანად წარმოებამ დიდი ზეგავლენა იქონია საბრძოლო მოქმედებების და მთლიანად ექვსდღიანი ომის შედეგებზე.

რადიოელექტრონული ბრძოლა

ისრაელის ავიაცია აქტიურად გამოიყენებდა რადიო- და რადიოლოკაციურ დაბრკოლებებს როგორც მიწისზედა ასევე საბორტე საშუალებების მეშვეობით. მასიურად გამოიყენებოდა პასიური დაბრკოლებები (რადიოლოკაციური ამრეკლები), რომელთა მეშვეობით იქმნებოდა დაბრკოლებების ფარდა. ასევე იყენებდნენ სპეციალურ პატრონებს რადიოლოკაციური დაზვერვის საწინააღმდეგოდ. ასეთი პატრონების მრავალჯერადი გასროლით წინა ნახევარსფეროში შეიქმნება რადიოლოკაციური დზვერვის საწინააღმდეგო ფარდა. ისრაელი იყენებდა დაბრკოლებებს მოწინააღმდეგის ავიაციის სანავიგაციო სისტემების წინააღმდეგაც. რადიოელექტრონული ბრძოლა დაგეგმილი იყო წინასწარ და მისი ეფექტიანობა საკმაოდ მაღალი იყო.

ლოგისტიკა

საბრძოლო გამოყენების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საავიაციო ტექნიკის და შეიარაღების საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების სრულად გამოყენებისთვის საჭიროა ტექნიკის ღრმა ცოდნა, ინსტრუქციების და დებულებების მკაცრი დაცვა და ყველა სახის, მათ შორის საინჟინრო-საავიაციო უზრუნველყოფის სწორი ორგანიზება. საავიაციო ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად ისრაელმა მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა. შექმნილი იქნა სათადარიგო ნაწილების და სარემონტო მასალების მარაგები. რაც მთავარია პერსონალის პროფესიონალიზმის ხარჯზე უზრუნველყოფილი იქნა ტექნიკის მზადყოფნა, საფრენი აპარატების ფრენისწინა და ფრენისშემგომი მომზადება ხარისხიანად და უმოკლეს ვადებში. ეს სშუალებას იძლეოდა მეტი ინტენსივობით გამოეყენებინათ ავიაცია.
საავიაციო დარტყმის პირველმა ტალღამ ეგვიპტის აეროდრომების თავზე 7 წუთი დაჰყო. 3 წუთის შემეგ ამ აეროდრომების თავზე ისრაელის თვითმფრნავების მეორე ტალღა გამოჩნდა, რომელიც პირველის შემდეგ 10-წუთიანი ინტერვალით გამოფრინდა. ეს ინტერვალი არ ყოფილა შემთხვევით შერჩეული. ამოცანის შესრულების შემდეგ საშუალო ფრენის დრო აეროდრომზე დასაბრუნებლად შეადგენდა 20 წუთს. ტექნიკური პერსონალი ხვდებოდა თვითმფრინავს, ამზადებდა ახალი ფრენისთვის, მართადა საწვავით, აიარაღებდა, ამოწმებდა, არემონტებდა წვრილმან გაუმართაობებს და დაზიანებებს. ყველაფერ ამას ასწრებდნენ 8 წუთში. ეს აბსოლუტური რეკორდი იყო (ფრანგები, მირაჟების მწარმოებლები იგივე სამუშაოს 2,5 საათს ანდომებდნენ). მაგალითად თვითმფრინავი 9.00-ზე ფრინდებოდა აეროდრომიდან, ასრულებდა ამოცანას, ბრუნდებოდა უკან და უკვე 10.00-ზე, ზუსტად ერთ საათში, გამართული საწვავით, შეიარაღებული და შემოწმებული მიფრინავდა მორიგ ამოცანაზე.
ასეთი შედეგი მიიღწევა ლოგისტიკის სწორი დაგეგმვით, პერსონალის პროფესინალიზმით და მუდმივი წვრთნებით მშვიდობიანობის დროს.

საბრძოლო გამოყენება

ზემოთხსენებული ილ-14-ის ეკიპაჟმა, რომლის ბორტზეც ფელდმარშალი ამერი და მისი საბჭოთა სტუმარი იყვნენ, კავშირი დაკარგა ბაზასთან. მათ ინფორმაცია არც კი ქონდათ, რომ ისრაელის სასწავლო მისიაზე მყოფმა თვითმფრინავებმა შეცვალეს ფრენის პროფილი და მარშრუტი, დაბალი სიმაღლეებიდან ერიში მიიტანეს ეგვიპტის 9 აეროდრომზე ერთდროულად, მათ შორის კაირ-ვესტზე. რამოდენიმე წუთში კი იერიში იქნა მიტანილი საჰაერო ძალების ბაზაზე ფაიდეში.
აეროდრომები მთლიანად იქნა განადგურებული, რაც წარმოუდგენელი იყო. ასეთი შედეგიანი დარყმისთვის საჭირო უნდა ყოფილიყო რამოდენიმე ასეული თვითმფრინავი. თეორიის თანახმად 40 თვითმფრინავს შეეძლო წარმატებული იერიში მიეტანა ერთ ან ორ აეროდრომზე. შემდეგ თვითმფრინავებს უნდა შეხვედროდა საზენიტო რაკეტების და საზენიტო არტილერიის ცეცხლი, რისი ზემოქმედების შედეგად ავიაცია იძულებული იქნებოდა ემოქმედა დაბალ სიმაღლეებზე. დაბალი სიმაღლიდან კი ბომბების ზემოქმედება ნაკლებ ეფექტიანი იქნებოდა და აეროდრომების ბეტონს სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებდა. შემდეგ უნდა აფრენილიყვნენ მორიგე გამანადგურებლები და ჩაბმულიყვნენ საჰაერო ბრძოლებში.

ასე უნდა ყოფილიყო თეორიულად. რეალობა კი რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. თითოეულ აეროდრომზე იერიში მიქონდა 4 თვითმფრინავს (2 წყვილს). ბომბებს ყრიდნენ 30 მეტრის სიმაღლიდან. თეორიულად 30 მეტრიდან ჩამოყრილ ბომბებს მეტი ზიანი უნდა მიეყენებინა ჩამომგდები თვითმფრინავების კუდებისთვის, ვიდრე აეროდრომისთვის. ბომბებს ქონდათ პატარა სამუხრუჭე პარაშუტები, რაც აყოვნებდა ბომბის ჩამოგდებას 3-4 წამით თვითმფრინავის უსაფრთხოებისთვის. ბობმებს კუდზე დამონტაჟებული ქონდათ პატარა რეაქტიული ძრავი, რომელიც 3-4 წამის დაყოვნების შემდეგ ისეთი ძალით ახვედრებდა ბომბს ბეტონში, რომ ეფექტი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მაღალი სიმაღლიდან ჩამოგდებისას. შედეგი წარმოუდგენელი იყო. ბომბები ბეტონს ნამსხვრევებად და სრულიად გამოუსადეგრად აქცევდა. მფრინავები კი პირველ რიგში ასაფრენი ზოლების გადაკვეთის ადგილებზე ახვედრებდნენ და ერთი ბომბით ორი ბილიკი გამოყავდათ მწყობრიდან. შემდეგ შემოფრენაზე ანადგურებდნენ აეროდრომზე განლაგებულ თვითმფრინავებს 20 და 30 მმ-იანი საავიაციო ქვემეხების ცეცხლით. თუ საკმარისი დრო ქონდათ ამ ამოცანისთვის 2-3 შემოფრენას აკეთებდნენ. თუ უკვე ყველა თვითმფრინავი იწვოდა, შემდეგ სამიზნეებს შენობა-ნაგებობები და სარადარო სისტემები და მანქანები წარმოადგენდნენ.

ისრაელის ავიაციას მაშინ ხელმძღვანელობდა გენერალი ეზერ ვეიცმანი (შემდგომში მორდეხაი ხოდი), რომელიც ამბობდა, რომ ”ისრაელის საჰაერო სივრცის ყველაზე კარგი დაცვა არის - საჰაერო სივრცე კაირის თავზე”. მას ქონდა თავისი მოთხოვნები და ეკიპაჟებს ავარჯიშებდა თავისი სტანდარტების შესაბამისად. მას არ აკმაყოფილებდა ევროპის წამყვანი ქვეყნების სტანდარტებიც კი. ის ამბობდა, რომ ისრაელის სტანდარტი მსოფლიო სტანდარტებზე მაღალი უნდა ყოფილიყო. ისრაელმა ძირითადი აქცენტი გამანადგურებელ-ბომბდამშენ ავიაციაზე გააკეთა და უარი თქვეს ბომბდამშენებზე. ეკიპაჟებს ორი წლის განმავოლბაში მიზანმიმართულად ამზადებდნენ დაბალ სიმაღლეზე საბრძოლო გამოყენებისთვის სრული რადიოსიჩუმის პირობებში. პოლიგონად იყენებდნენ უდაბნოში აშენებულ ეგვიპტის და სირიის აეროდრომების ზუსტ მაკეტებს. იქვე ვარჯიშობდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემის გადალახვაზე.

ამ წვრთნების შედეგი იყო ის ნორმატივები, რომლებიც ისრაელის საჰაერო ძალებმა აჩვენა. სულ პირველ დღეს ეგვიპტის 19 აეროდრომის წინააღმდეგ განხორციელდა 432 საბრძოლო გაფრენა: 183 პირველ ტალღაში, 164 - მეორეში, 85 - მესამეში. გარდა ამისა მესამე ტალღის ფარგლებში იერიში მიიტანეს იორდანიის, ერაყისა და სირიის აეროდრომებზე, კიდევ 119 თვითმფრინავ-გაფრენა (საერთო ჯამში 551 თვითმფრინავ-გაფრენა). ეს ძალიან ბევრი იყო თუ გავითვალისწინებთ, რომ 5 ივნისისთვის ისრაელს გააჩნდა 197 გამართული საბრძოლო თვითმფრინავი (202-დან. ეს საბრძოლო მზადყოფნის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია - 0,97) და 44 სასწავლო-საბრძოლო, რომლებიც ასევე წარმატებულად იქნა გამოყენებული ჰაერში უპირატესობის (ბატონობის) მოპოვების შემდეგ (ა.ს.: მიტომ ვიყავი ლ-39ს-ის მაგივრად ლ-39ზა-ს შეძენის მომხრე, მაგრამ ჩემი თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ სხვაგვარად გადაწყვიტეს, რაშიც ბრალი უშუალო სპეციალისტებს მიუძღვით, რომლებსაც არ უნდოდათ სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავებით საბრძოლო გაფრენის შესრულება). აეროდრომებზე ყავდათ სათადარიგო ეკიპაჟები, მაგრამ როგორც წესი ძირითადი ეკიპაჟები დაფრინავდნენ. 5 ივნისს ზოგიერთმა მფრინავმა 7-8 საბრძოლო გაფრენა შეასრულა.

შედეგები და დასკვნები

მაღალი საბრძოლო სულისკვეთება, პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების მაღალი დონე და შეიარაღებული ძალების პროფესიონალური მართვა სამხედრო მოქმედებებისას იყო ისრაელის არმიის გამარჯვების საწინდარი. ისრაელმა ექვსდღიან ომში განიცადა ერთ-ერთი ბრწყინვალე გამარჯვება თავისი სახელმწიფოს ისტორიაში.

ისრაელმა ამ ომში დაკარგა 800-მდე კაცი, 132 ტანკი. სამი არაბული სახელმწიფოს დანაკარგი ჯამში შეადგენდა 17-დან 23 ათასამდე დაღუპულს და 50 ათასამდე დაჭრილს. ეგვიპტის შეიარაების, საბრძოლო მასალების, საწვავის და სხვა მარაგების 90%-მდე ან განადგურდა ან ისრაელს დარჩა. მაგალითად, მხოლოდ სინაის ნახევარკუნძულზე ხელში ჩაიგდეს 629 ტანკი (200-მდე გამართული), 750 საარტილერიო დანადგარი, 2500 ჯავშანტრანსპორტიორი და სატვირთო მანქანა.
ექვსდღიანი ომის შედეგად იერუსალიმი გახდა ისრაელის დედაქალაქი. ისრაელმა გადაწყვიტა ტერიტორიალური პრობლემები. ომის შედეგებმა ისრაელს საშუალება მისცა ეწარმოებინა მომგებიანი მოლაპარაკებები ეგვიპტესთან და მოგვიანებით, 1979 ხელი მოაწერა მასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას.
სამხედრო თეორიის თვალსაზრისით ამ ომს დიდი მნიშვნელობა ქონდა. ექვსდღიანი ომის გამოცდილება შეისწავლა მსოფლიოს წამყვანმა არმიებმა. ეს გამოცდილება კი გამოყენებული იქნა შემდგომ კონფლიქტებში (ვიეტნამი, ლაოსი, ირანი, ერაყი, ავღანეთი, ლიბანი და სხვა). ამ ომში პრაქტიკული რეალიზება პოვა ებრაულმა სამხედრო მეცნიერებამ. ომში გამოეყენებული იქნა ჯარების ყველა სახეობა. ექვსდღიანმა ომმა ბიძგი მისცა საჰაერო-მიწისზედა, ასევე სპეციალური ოპერაციების თეორიის განვითარებას, განვითარება პოვა საბრძოლო მოქმედებების რაიონის იზოლიაციის მიზნით მეორე ეშელონებთან ბრძოლის თეორიამ, დასაწყისი პოვა აერომობილურმა ოპერაციებმა.

სამხედრო თვალსაზრისით ყურადღებას იმსახურებს სტრატეგიული სადეზინფორმაციო ოპერაციების მომზადება და განხორციელება. ამ მიზნით ორი წლით ადრე შემუშავებული იქნა საჰაერო თავდაცვის ძალების და საშუალებების ყურადრების (ძალისხმევის) დამრტყმელი ჯგუფებისგან გადატანის მეთოდიკა სრული რადიოსიჩუმის პირობებში. შექმნილი იქნა სპეციალური საიმიტაციო დივიზია, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა სარაკეტო კატერების გადასროლის იმიტაცია ხმელთაშუა ზღვიდან პორტ ეილატში, რითაც ძირითად მიმართულებას მოწყვიტეს ეგვიპტის ფლოტის გარკვეული ნაწილი. მეორე დემონსტრაციული ოპერაციის მიზანი იყო სამხრეთის ფლანგზე ისრაელის დიდი ძალების იმიტაციას, რის გამოც სინაის მიმართულებას ეგვიპტემ მოწყვიტა გენერალ შაზლის ჯავშანსატანკო ჯგუფი. სრული ფარულობით განხორციელდა სამობილიზაციო ღონისძიებები, რომელშიც ჩართული იყო სახელმწიფო და დიპლომატიური სტრუქტურები.

ექვსდღიანი ომის შემდეგ მიიღო განვითარება ტანკების წინააღმდეგ შვეულმფრენების გამოყენების თეორიამ. მსოფლიოს ბევრ არმიაში ჯავშანსატანკო შენაერთების საშტატო სტრუქტურებში ჩართული იქნა საზენიტო ქვედანაყოფები. მსოფლიოს ყველა არმიაში აეროდრომებზე ააშენეს თვითმფრინავების ანგარები, რომლებიც ერთ ტონიანი ბომბების აფეთქებას უძლებდნენ. საჰაერო თავდაცვის მობილური ჯგუფების გასანადგურებლად მოდიფიცირება ჩაუტარდა ანტირადარულ რაკეტებს. ექვსდღიანი ომის შემდეგ ცვლილება განიცადა ავიაციის საბრძოლო წყობამ. გამოჩნდა ტაქტიკური დანიშნულების ახალი ჯგუფები: დაზვერვის, რადიოელექტრონული ბრძოლის, საჰაერო თავდაცვის ჩახშობის.

როგორც დავინახეთ ექვსდღიანი ომი საკმაოდ მნიშვნელივანი იყო სამხედრო თეორიის, კონკრეტულად კი ავიაციის და საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების საბრძოლო გამოყენების თეორიის განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ ვარჩიეთ ამ რუბრიკაში ”ექვსდღიანი ომის” განხილვით დაგვეწყო და რამოდენიმე სტატია მიგვეძღვნა. ბევრი რამ ამ ომიდან დღესაც აქტუალურია, შესასწავლი და გასათვალისწინებელია ჩვენი სპეციალისტების მიერ.
ჟურნალ ”არსენალის” შემდგომ ნომრებში გავაგრძელებთ ავიაციის და საჰაერო თავდაცვის საბრძოლო გამოეყენების მიმოხილვას სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში.

ამირან სალუქვაძე
საჰაერო ძალების სარდალი 2003-2005 წ.წ.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja