მეორე ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 17 წელი შეუსრულდა. ამ დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დღეს სენაკის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. მეორე ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ პირადად მიულოცა. სენაკში სახმელეთო ჯარების სარდალი, პოლკოვნიკი შმაგი თელია და სამეგრელო-ზემო-სვანეთის გუბერნატორი, ზაზა გოროზიაც იმყოფებოდნენ. ბრიგადის იუბილეზე დასასწრებად ბრიგადაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებოდნენ.
მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, მაიორმა ზეზვა ლიპარტელიანმა სამწყობრო მოედანზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა. დღესვე 30 სამხედრომ მოსამსახურეს საპატიო სიგელი გადაეცა, 30-ს კი მადლობა გამოეცხადა. მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო-მოსამსახურეები მამა იოსებმა დალოცა.
საზეიმო ცერემონიის დასასრულს, გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ბრიგადის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა.
გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა მემორიალთან დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელზე ხეები დარგეს.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ:
’’ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ამ ბიჭებმა სხვებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში თავიანთი გმირობა და ვაჟკაცობა გამოაჩინეს. ეს მემორიალი ამ გმირების ხსოვნას დააფასებს სამუდამოდ.”
მეორე ქვეითი ბრიგადა 1992 წელს ჩამოყალიბდა და მას 21-ე მექანიზირებული ბრიგადე ეწოდებოდა, მის ბაზაზე 2004 წელს ჩამოყალიბდა მეორე ქვეითი ბრიგადა.