მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი JAS 39-გრიპენი შვედები მართლაც არ ხუმრობენ. მათ კიდევ ერთი შესანიშნავი თვითმფრინავი ეკუთვნით - მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი JAS 39-გრიპენი. იგი გამოიყენება საჰაერო მიზნებთან ბრძოლისათვის, დაზვერვის საწარმოებლად, ასევე მიწისზედა მიზნებისთვის დარტყმის მისაყენებლად. მისი მშენებლობა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დასრულდა, 1992 წელს კი პირველი სერიული თვითმფრინავი აფრინდა. ”გრიპენი” შესრულებულია აეროდინამიკური სქემა ”იხვით”, აქვს ფუზელაჟში მოთავსებული ერთი ძრავა. მფრინავის ჰერმეტულ კაბინას წვეთისებური ფორმის ფანარი აქვს (კაბინის შემინულ ნაწილს ავიაციაში ფანარი ეწოდება). კატაპულტიანი სავარძელი უზრუნველყოფს მფრინავის მიერ თვითმფრინავის დატოვებას როგორც ფრენის დროს, ისე მიწაზე დგომისასაც. შასი სამსაყრდენიანია და გათვლილია დიდი ვერტიკალური სიჩქარით დაჯდომაზე. თვითმფრინავს აქვს ერთი ტურბორეაქტიული ძრავა. საწვავი პროტექტირებულ ავზებშია მოთავსებული. JAS 39-ის შეიარაღებაში შედის ჩაშენებული ქვემეხი მაუზერ-BK 277 რომლის კალიბრი 27 მმ-ია; ჩამოკიდული იარაღი შეიძლება იყოს ”ჰაერი-ჰაერი” კლასის მართვადი რაკეტა ”სქაი ფლეში”, AIM-9-საიდუინდერი ან AIM-120; ასევე - ”ჰაერი-ხმელეთი” კლასის მართვადი რაკეტა ”მეივერიკი”, გემსაწინააღმდეგო რაკეტა RBS 15F, ბომბები, არამართვადი სარაკეტო საავიაციო რაკეტა და კასეტური იარაღი. JAS 39-ის ტაქტიკურ-ტექნიკური დახასიათება: ეკიპაჟი - 1 ადამიანი; მაქსიმალური სიჩქარე: 10 კმ-ამდე სიმაღლეზე - 2 250 კმ-სთ, 3 კმ-ამდე სიმაღლეზე - 1 470 კმ-სთ; ნორმალური ასაფრენი მასა - 8 000 კგ; თვითმფრინავის სიგრძე - 14,1 მ; თვითმფრინავის სიმაღლე - 4,7 მ; ფრთების გაშლა - 8 მ; ძრავის სიმძლავრე - 5 445 კგ-ძალა.