საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას გაწეული მუშაობის და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში ჩააბარა. საჩვენებელი ღონისძიება რუსთაველის გამზირზე დღეს მოეწყო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას შეიარაღებულ ძალებში არსებული შეიარაღება, ტექნიკა და სამედიცინო აღჭურვილობა წარუდგინა. დამთვალიერებელს ქართველი სამხედროები საბრძოლო იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს პირადად აცნობდნენ.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო დაწესებულებებმა აღჭურვილობა და ბოლო დროს გამოცემული სამხედრო ლიტერატურა წარმოადგინეს.
პარლამენტის წინ განლაგებული იყო ასევე, საველე ჰოსპიტალი, პირადი შემადგენლობის განთავსების კარავი და სამზარეულო, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ქონდათ ადგილზე, საველე პირობებში მომზადებული სამხედროების ულუფა დაეგემოვნებინათ.
თავდაცვის უწყებამ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები და პრიორიტეტები სამხედრო ჟურნალებით, გაზეთებითა და სარეკლამო რგოლების სახით წარადგინა.
მოსახლეობას დაურიგდა "ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის” მიერ გამოცემული ჩრდილოატლანტკური ალიანსის შესახებ ლიტერატურა, სამახსოვრო სუვენირები და ბუკლეტები.
უწყებაში გაწეულ სამუშაოზე და პრიორიტეტებზე ქართველ სამხედროებთან ერთად მოსახლეობას ანგარიში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ ჩააბარეს. თავდაცვის მინისტრის განცახდებით: “ეს ღონისძიება იმ პროექტების დემონსტრირებაა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში უწყებაში განხორციელდა. ჩვენს მოსახლეობას უახლოეს მომავალში დაგეგმილი ღონისძიებებიც გავაცანით. ეს არის არმიის მოდერნიზება, როგორც შეიარაღებისა და ეკიპირების, ასევე განათლების კუთხით.”
რუსთაველის გამზირზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და მთავრობის სრული შემადგენლობა იყო წარმოდგენილი.
ღონისძიება დღის 12:00 საათზე გაიხსნა და ხუთ საათს გაგრძელდა.