ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
"ეს საათი ჩემი შვილისაა, სისხლიანი ხელიდან მოვხსენიო"...
დიდხანს ვფიქრობდი, როგორ დამეწყო ამ ქალბატონის ამბის თხრობა... მისი ცხოვრება საქართველოს უახლესი ისტორიის ნაწილია - სამშობლოს ორი ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე შესწირა: 1990-იან წლებში ქალბატონი მარინას მეუღლე, ბადრი გზირიშვილი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისას დაიღუპა. მარტოხელა დედამ ორი ობოლი გაზარდა და ფეხზე დააყენა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს კი მისი 20 წლის ვაჟი - ვახტანგ გზირიშვილი გმირულად დაეცა ცხინვალის მისადგომებთან.

ძაძებით შემოსილი დედა ჯერ მეუღლის, შემდეგ კი შვილის დაწყებულ საქმეს ღირსეულად განაგრძობს - შვილის თანამებრძოლებს პატრონობს და ათასობით ქართველ ჯარისკაცს დედობას უწევს.

ქალბატონი მარინა გზირიშვილი:
- სანამ ვახო დაიბადებოდა, 1 წლის ბიჭი დამეღუპა: კოღოს ნაკბენი გაუღიზიანდა და ექიმებმა რომ გაუჭრეს, სისხლი მოეწამლა... შვილის დაღუპვის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე რუსეთში წავედით და სმოლენსკის ოლქში მშენებლობაზე სამუშაოდ მოვეწყვეთ. ჩემი ქმარი დურგალი იყო, მე - მლესავ-მღებავად ვმუშაობდი. კომკავშირული საგზურით ვიყავით წასული და 1988 წელს იქ ბინაც მოგვცეს. იმავე წელს ვახო შეგვეძინა. 1990-იან წლებში საქართველოში არეულობა დაიწყო და მეუღლეს ვუთხარი, სამშობლოში დავბრუნდეთ-მეთქი. დამთანხმდა და ჩამოვედით. აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, ჩემი მეუღლე სამხედრო კომისარიატში გამოიძახეს. მასთან დასამშვიდობებლად, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მივედი, მაგრამ იქ მისულს მაცნობეს, ახალმოყვანილი ჯარისკაცები პირდაპირ ფრონტზე გაგზავნესო...

თავი ხელში ავიყვანე და შინ დავბრუნდი. რამდენიმე თვე მის შესახებ არაფერი ვიცოდი, არც კომისარიატში მეუბნებოდნენ რამეს... თუ არ ვცდები, ნოემბერი იყო. ბავშვები სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე გადაცემას - "საღამო მშვიდობისა" - უყურებდნენ. ჩემი გოგონა შემოვარდა და წამოიძახა: ტელევიზორში მამიკოს აჩვენებენო!.. ბადრი ლაპარაკობდა: ჩემს ცოლ-შვილს მინდა ვუთხრა, რომ ცოცხალი ვარო... მერე კამერას შეხედა, თითქოს მე მიყურებდა თვალებში და მომმართა: მარინა, აბა, შენ იცი, თუ ცოცხალი ვეღარ დავბრუნდი, ჩემი ვახო ღირსეულ ვაჟკაცად აღზარდე, ვიცი, რომ ძლიერი ქალი ხარო...

ეს იყო ბოლო სიტყვები, რომელიც ქმრისგან მოვისმინე. ერთ დღესაც ჩემთან ის ბიჭები მოვიდნენ, ვინც ომში ბადრისთან ერთად იყვნენ. თვალებში ვერ მიყურებდნენ, ძლივს მითხრეს: ამ დილით ბადრი ჩამოვასვენეთ თბილისშიო. ტამიშის მისადგომებთან დაღუპულა. ყველა დღე ერთმანეთს ჰგავდა; უშუქობა, სიცივე და შიმშილობა იყო... ომამდე ჩემი მეუღლე დურგლად მუშაობდა და არ გვიჭირდა. ახლობლებისთვის ხელის გამართვასაც კი ვახერხებდით. მერე ყველა უბედურება ერთბაშად დამატყდა თავს. ორ ადგილას დავიწყე მუშაობა - დილით კერამიკის "ცეხში" გავიქცეოდი, თიხას ფორმებში ჩავასხამდი... სანამ გაშრებოდა, პარლამენტში დამლაგებლად ვმუშაობდი და შემდეგ ისევ კერამიკას ვუბრუნდებოდი.

- შვილებს ვის უტოვებდით?
- ნათია სკოლაში დადიოდა, ვახო - საბავშვო ბაღში. სკოლის შემდეგ, ჩემს გოგონას თავისი ძმა სახლში მოჰყავდა და თვითონ უვლიდა. საჭმელს სახლიდან გამოსვლამდე ვაკეთებდი, რომ ბავშვები მშივრები არ ყოფილიყვნენ... ნათიამ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელა, მაგრამ მალევე გათხოვდა. სიძე კარგი ბიჭი იყო, მაგრამ მატერიალურად მათაც უჭირდათ და გათხოვილ შვილზეც მე მომიწია ზრუნვამ... კერამიკის საამქროში 2-3 ნივთით მეტს ვაკეთებდი და ვყიდდი. არ ვიპარავდი, ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ მიჭირდა და არაფერს მეუბნებოდა. იქიდან 2-3 ლარი მრჩებოდა და ეს ჩემთვის პურის ფული იყო. მერე ერთმა მეზობელმა მითხრა: კერამიკა თურქეთში მიაქვთ, სადაც 10 დოლარად ყიდიან და რაღა იმათ აძლევ, შენ თვითონ წაიღეო. - რითი წავიდე? ვიზა მე არ მაქვს და ფული-მეთქი!.. - მე გასესხებო. 100 დოლარი მასესხა და დამაკვალიანა. გაყიდული ნივთებიდან ცოტა ფული დამრჩა და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. თურქეთში კვირაში ორჯერ გადავდიოდი. თანდათან გავიკვლიე გზა...

არანაირ მძიმე სამუშაოს არ ვთაკილობდი, ოღონდ ჩემი ობლებისთვის არაფერი მომეკლო. თურქები უკვე ისე მენდობოდნენ, ნისიადაც კი მაძლევდნენ საქონელს. ცოტა ამოვისუნთქე. ამასობაში ჩემმა გოგონამ იმშობიარა. მძიმე მშობიარობა ჰქონდა და მთლიანად შვილის პრობლემაზე ვიყავი გადართული. ჩემი პატარა ბიზნესი ორ ახლობელს მივანდე. ხომ იცით, სხვისთვის მინდობილი საქმით ხეირი არავის უნახავს. "ჩავვარდი" და ისევ ვალები ავიღე. ღამეები არ მეძინა, ჩამოწერილი მქონდა - ვისი ვალი როდის უნდა გადამეხადა. ერთ დღესაც, ვალების გასასტუმრებლად, ბინა გავყიდე და რუსთავში ქირით გადავედი (მე და ჩემი მეუღლე რუსთაველები ვართ). მე საქართველოსა და თურქეთს შორის ვიყავი "გაკიდული", ვახო რუსთავში, დედაჩემთან მყავდა დატოვებული (ახლა ის ქუჩა მის სახელს ატარებს...) და მხოლოდ შაბათ-კვირას ვნახულობდი.

- გამოდის, ვალების გასტუმრების შემდეგ ისევ უმუშევარი დარჩით?
- დიახ, ცოტა ხანი არსად ვმუშაობდი, მერე კი ვიშოვე რაღაც, მაგრამ შემოსავალი არ გვყოფნიდა. ვახოს მეგობრები ძმებივით უყვარდა. ჩვენ ხომ ასე გვიჭირდა, მაგრამ ის წვალებით ნაყიდ ტანსაცმელს იმათ ჩააცმევდა, თან რაღაცნაირად, თბილად და საწყლად გამიღიმებდა: დედა, არ გამიწყრე, რა, არ ჰქონდა და შემეცოდაო... 2005 წელს ძალიან გამიჭირდა. სხვა გზა არ მქონდა და თურქეთში მოახლედ წავედი. სკოლის დამთავრების შემდეგ ვახოს კომისარიატიდან უწყებები მოსდიოდა და რამდენჯერმე ფული გადავიხადე. ვუთხარი: მამაშენმა სამშობლოს წინაშე შენი კი არა, შენი შვილიშვილების ვალიც მოიხადა და არსადაც არ გაგიშვებ-მეთქი. სწყინდა: რას ამბობ, დედა, რეკლამაში ვიღაც ბიჭი ლოგინის ქვეშ რომ იმალება, მეც ისე ხომ არ მოვიქცევიო?! თურქეთში ადვოკატების მდიდარ ოჯახში დავიწყე მუშაობა. 2007 წელს ვახოც მესტუმრა და 2 თვე დარჩა. მუშაობაც კი დაიწყო; 800 დოლარამდე გამოიმუშავა. მერე ვიზას ვადა გასდიოდა და საქართველოში გამოვუშვი, - ვიზა გააგრძელებინე და ისევ ჩამოდი-მეთქი. როცა ვეკითხებოდი, - რას შვები-მეთქი? - საუბარი სხვა თემაზე გადაჰქონდა.

- რას გეუბნებოდათ?
- პირდაპირ პასუხს თავს არიდებდა... თურმე შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით წასვლა ნდომებია და საბუთებს აგროვებდა. ერთხელ მთხოვა, - შენი პირადობის მოწმობის ასლი გამომიგზავნეო. - რად გინდა-მეთქი? - დაცვის სამსახურში მინდა, მოვეწყო და იქ მომთხოვესო. დავეჭვდი, მაგრამ მაინც გამოვუგზავნე. დღემდე ვინახავ მისი ხელით დაწერილი ავტობიოგრაფიის ასლს. ისე სასაცილოდ უწერია, ორიოდე სიტყვით: დავიბადე ამა და ამ წელს, დავამთავრე ესა და ეს სკოლა, მყავს დედა და და...

სულ ეს არის. ეტყობა, კონტრაქტორად წასვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო და ავტობიოგრაფიაც ერთი ამოსუნთქვით დაწერა. მერე დამირეკა: რაღაც უნდა გითხრა და არ გაგიჟდე; მომილოცე - ჯარისკაცი გავხდიო!.. ისეთ ცუდ ხასიათზე დავდექი, დანა კბილს არ მიხსნიდა. სახლის პატრონებმაც კი მკითხეს მიზეზი. ჩემი შვილი ჯარისკაცი გახდა-მეთქი, - ვუპასუხე. თურქები სამხედროებს დიდ პატივს სცემენ და გაუხარდათ...

მას მერე არ მინახავს. მერე მითხრა: 2008 წლის ოქტომბერში ერაყში უნდა წაგვიყვანონ და მანამდე უნდა ჩამოგიყვანო, თან ჩემს შეყვარებულსაც გაგაცნობო... სულ ვაფრთხილებდი: ცოლი ჯერ არ მოიყვანო, ხომ იცი, ბინა არ გაქვს-მეთქი. მოუკვდეს დედა! ნეტავ, მოეყვანა, მისი შვილი მაინც დამრჩებოდა... 2008 წლის ივლისში ჩემი ქალიშვილი ნათია მესტუმრა, აგვისტოს დასაწყისში კი ომიც დაიწყო.

- როგორ გაიგეთ? ქართული ტელეარხიდან?
- კი. მაგრამ ტელევიზორის საყურებლად სად მეცალა, შვილო?! იმდენი საქმე მქონდა, ციბრუტივით ვტრიალებდი... ოჯახის პატრონები ვახოსთან დარეკვის უფლებას ყოველდღე მაძლევდნენ. ბოლოს 5 აგვისტოს ველაპარაკე ჩემს შვილს. გამამხნევა: ოქტომბრამდე ცოტა დრო დარჩა, ცოტაც მოითმინე და ჩვენს წვალებას ბოლო მოეღებაო: ოქტომბერში კრედიტის გამოტანასა და ბინის დაგირავებას გეგმავდა. საკმარისია, რაც წვალება ნახე, ნათიას ხომ გაუზარდე შვილები, ახლა ჩემი შვილები უნდა გაგაზრდევინოო, - მეუბნებოდა... ყველა ჩვენი საუბარი ასე მთავრდებოდა: "ძალიან მენატრები, დედა, ძალიან მიყვარხარ"...

7 აგვისტოს ჩემმა პატრონმა მკითხა, - რა ხდება თქვენს ქვეყანაშიო? - არაფერი, გუშინწინ ველაპარაკე ჩემს შვილს-მეთქი. - მგონი, საქართველოში ომი დაიწყოო, - მითხრა. მუხლები მომეკვეთა. ქართული ტელევიზიები არაფერს ამბობდნენ, ფილმები გადიოდა. მასპინძელმა "სიენენი", "ბიბისი" და კიდევ რომელიღაც უცხოური ტელეარხები ჩამირთო: ყველგან საქართველო-რუსეთის ომზე ლაპარაკობდნენ. ვახოსთან რომ დავრეკე, მობილური გათიშული ჰქონდა. ნერვიულობისგან აზროვნება მიჭირდა. ნათიას მაზლიც ჯარში იმყოფებოდა და მასთან დავარეკვინე. დაგვამშვიდა, - ვაზიანში ვართ, ვახოც აქ არის და არ ინერვიულოთ; ის სხვა ქვედანაყოფშია და ჩემი ასმეთაური მის ბატალიონში გადასვლის უფლებას არ მომცემსო... ამ დროს ჩემი შვილი უკვე ცხინვალში ყოფილა. იმ დღესვე მინდოდა საქართველოში წამოსვლა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ნათია და ბავშვებიც ჩემთან იყვნენ. მთელი ღამე თეთრად გავათენე, მხოლოდ გამთენიისას ჩამთვლიმა და მესიზმრა, რომ სამების ტაძარში ვიყავი; უეცრად ტაძარს ბომბი დაეცა; ყველა გადარჩა და მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა..

გიჟივით დავრბოდი და ყველას ვეკითხებოდი, - ვინ არის ის ერთი-მეთქი? პასუხი არავინ გამცა... გამომეღვიძა და ნათიას მივვარდი: ბარგი ჩაალაგე, ფეხითაც რომ მოგვიწიოს საქართველოში ჩასვლამ, უნდა წავიდე-მეთქი. მერე ერთ-ერთ საინფორმაციოში გამოაცხადეს, ვაზიანის სამხედრო ბაზა დაბომბესო. ამან საერთოდ გამაგიჟა: ჩემი შვილი ხომ იქ არის-მეთქი! არადა, ამ დროს ცხინვალის შესასვლელთან, ავადსახსენებელი ნაძვნარი დაუბომბავთ და ჩემი ვახოც იქ ყოფილა. იმ დღეს გიჟივით ვირბინე ავტოსადგურებში, მაგრამ საქართველოს მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტი ვერ ვიშოვე...

გამთენიისას ჩემმა სიძემ დარეკა. ავკანკალდი. ნათია გავაღვიძე. ჩემს ოთახში მობილური ცუდად იჭერდა და აივანზე გავიდა. უცებ მისი შეკივლება გავიგონე: - ვაიმე, გიორგი, მითხარი, რომ ეს მართალი არ არისო!.. - რა ხდება-მეთქი? - ვკითხე. - არაფერი, დედა, მგონი, ვახო დაუჭრიათო... მხოლოდ ის მახსოვს, რომ დიდი გაჭირვებით ვიპოვეთ რუსთავი-სტამბოლის ავტობუსი, რომელმაც მხოლოდ სამტრედიამდე ჩამოგვიყვანა. ტაქსი ავიყვანე და მძღოლს ვთხოვე, - გორის სამხედრო ჰოსპიტალში წამიყვანე-მეთქი. მძღოლი ლამის გაგიჟდა: გორის ჰოსპიტალი დაბომბილია და იქ როგორ წავიდეო?! მერე ნათიამ მითხრა, - ვახო თბილისში გადაუყვანიათო, - და ასე, მოტყუებით ჩამომიყვანეს თბილისში და მიმაყენეს ჩემი ქალიშვილის ბინას. შეშლილივით ვიდექი და ვყვიროდი: საავადმყოფოში წამიყვანეთ, ჩემი შვილი უნდა ვნახო-მეთქი! ხალხი რაღაცნაირად მიყურებდა: თურმე ჩემი შვილი ცოცხალი აღარ ყოფილა...

ვახო მიწას მივაბარე, მე კი მაინც ვსუნთქავ, დავდივარ, მის წილ სითბოსა და სიყვარულს ჯარისკაცებს ვუზიარებ. ყველა ჯარისკაცი ჩემი შვილი მგონია, ყველა სამხედროფორმიანში ვახოს ვეძებ. დღემდე დავდივარ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც მას ჯარისკაცობასა და ქვეყნის სიყვარულს ასწავლიდნენ...

P.S. ქალბატონ მარინას ხელზე მამაკაცის საათი ეკეთა. ჩემი შვილისაა, სისხლიანი ხელიდან მოვხსენიო, - მითხრა. მას ინტერვიუს დროს ერთი ცრემლიც არ ჩამოვარდნია. როგორც ჩანს, გაჭირვება ადამიანს სხვანაირ, განსაკუთრებულ სიმტკიცეს სძენს. ქალბატონი მარინას თაოსნობით, ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელების უკვდავსაყოფად, ვარკეთილში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი შენდება. ალბათ სწორედ ასეთი დედების წყალობით მოვიდა ჩვენი ქვეყანა აქამდე...

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ”გზა”

2) ავტორი: giorgi jari
sob sob sob sob sob sob sob sob sob sob sob sob

1) ავტორი: ilo khvichia khvichia
;( ;(

sawyalii

JARSHI MIVDIVARR cry cry cry


ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja