ქართული სამშვიდობო მისია
საქართველოს შეიარაღებული ძალების 31–ე ბატალიონი (750 სამხედრო მოსამსახურე) ავღანეთში მიემგზავრება. ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. ქართული სამშვიდობო ბატალიონი მისიას ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებს.
სამხედროების გაცილების ცერემონია დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი დევი ჭანკოტაძე, შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, აშშ–ს ევროპული და ამერიკული მიმართულებების საზღვაო ქვეითთა ძალების სარდლობის დელეგაცია, მათ შორის აშშ–ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი აშშ–ის მიმართულებით, გენერალ–ლეიტენანტი რიჩარდ ნატონსკი და ევროპაში აშშ–ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი, ბრიგადის გენერალი პოლ ბრაიერი, ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
ქართველ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართეს აშშ–ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალმა, გენერალ–ლეიტენანტმა რიჩარდ ნატონსკიმ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა არსენ ცუხიშვილმა. რიჩარდ ნატონსკიმ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქტიური მხარდაჭერისთვის – „ამერიკელი სამხედროებისთვის პატივია, რომ ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს საშუალება ეძლევათ გვერდიგვერდ იმსახურონ ჰელმანდის პროვინციაში“ .
„თქვენ ხართ საქართველოს შეიარაღებული ძალების, ჩვენი სამშობლოს ღირსეული შვილები და მეომრები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა დასახულ ამოცანას მაღალ დონეზე და ღირსეულად შეასრულებთ...“ ამ სიტყვებით მიმართა არსენ ცუხიშვილმა 31–ე ბატალიონის სამხედროებს.
„ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია არის თავისთავად რთული მოვლენა, ეს არ არის მარტივი და სამხედროების საქმიანობა თავისთავად რთულია; რაც შეეხება მომზადების დონეს, შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკელი საზღვაო ქვეითები რამოდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდნენ ქართველი ჯარისკაცების გადამზადებას სპეციალური ოპერაციისთვის და ჩვენც და ამერიკული მხარეც ძალიან კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგებით; ვფიქრობ რომ ეს იქნება ერთ–ერთი საუკეთესო ბატალიონი თვითონ ოპერაციაში,“ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა ამერიკის ელჩმაც საქართველოში – „გუშინ საღამოს პრეზიდენტი ობამა დაუკავშირდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ პირადად გადაეხადა მადლობა, საქართველოს მხრიდან შეტანილი წვლილისათვის ISAF-ის ოპერაციაში; ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ პარტნიორობისა, რომელიც არსებობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის,“ აღნიშნა ელჩმა.
ცერემონიალის დასრულებისას 31–ე ბატალიონს მისიაში მონაწილეობისთვის საბრძოლო დროშა გადაეცა. ქართველმა ჯარისკაცებმა ლოცვა–კურთხევა მიიღეს მამა დავითისგან.
ნატო–ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 31–ე ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარა. ოპერაციების წარმოებისათვის ქართველმა ჯარისკაცებმა ტაქტიკური მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით გაიარეს. მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს.
სპეციალური მომზადება 31–ე ბატალიონმა ვაზიანის და სასწავლო ცენტრ კრწანისის მოსამზადებელ ბაზებზე გაიარა; ბატალიონის პირადი შემადგენლობა იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ს გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ასეული ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 2009 წლის 16 ნოემბერს უკვე გაემგზავრა ავღანეთში. სამშვიდობო ასეული მისიას ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში ასრულებს.