რუსეთში არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვში მომხდარი აფეთქებების გამოძიებისას ქართული კვალი გამოიკვეთოს. ამის შესახებ ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. მისი თქმით, არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული სპეცსამსახურების ზოგიერთ თანამშრომელს კავშირები აქვს ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტულ დაჯგუფებებთან, რის გადამოწმებასაც უშიშროების საბჭო მოსკოვში მომხდარ აფეთქებებთან მიმართებითაც აპირებს.
`ყველა ვერსია უნდა გადამოწმდეს. მაგალითად, არის საქართველო და მისი ლიდერი სააკაშვილი, რომლის ქცევებიც სრულიად მოულოდნელია. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყანა მას დახმარებას უწევს, მათ შორის, სამხედროსაც. ეს ჩვენთვის დაუშვებელია. მან ერთხელ უკვე წამოიწყო ომი და გამორიცხული არ არის, რომ ეს კიდევ გაიმეოროს,`- დასძინა პატრუშევმა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას თბილისში უკვე მოჰყვა შეფასებები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, რუსეთს ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს.
საპარლამენტო უმცირესობაში არ გამორიცხავენ, რომ ასეთი განცხადებები შესაძლოა რუსეთისთვის საქართველოს წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის დასაწყებად საკმარისი აღმოჩნდეს.
დეპუტატები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზეც საუბრობენ.
ექსპერტების შეფასებით კი, ეს არასოლიდური განცხადებაა და მას სერიოზულად არავინ მიიღებს.