The New York Times
მოსკოვი – რუსეთის სამხედრო დაზვერვას სჯერა, რომ საქართველომ შესაძლოა კვლავ შეუტიოს სამხრეთ-ოსეთს, პრო-მოსკოვურ რეგიონს, რომლის გამოც ამ ორ ქვეყანას შორის შარშან ომი გაჩაღდა, ხუთშაბათს განაცხადა რუსეთის ძლევამოსილი დაზვერვის ხელმძღვანელმა ალექსადნრე შლიახტუროვი, რომელიც აპრილში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაზვერვის (გრუ) ხელმძღვანელად დაინიშნა განაცხადა, რომ სიტუაცია დაძაბულია და ნატო-ს წევრი ქვეყნები იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი საქართველოს იარაღით მომარაგებას განაგრძობენ.
”საქართველოსთან დაკავშირებით სიტუაცია კვლავ დაძაბულია, რადგან საქართველოს ხელისუფლება არამხოლოდ უარს ამბობს აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის სუვერენიტეტის აღიარებაზე, არამედ ყველა გზით ცდილობს ამ ქვეყნების… საკუთარი იურისდიქციისთვის დაქვემდებარებას” – განაცხადა მან საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
”ამას დაუმატეთ სააკაშვილის მთავრობის არაპროგნოზირებადი ხასიათი, რომელსაც შეუძლია ძალის გამოყენების ცდუნებას აჰყვეს, რათა ეს ჯიუტი რესპუბლიკები მოათვინიეროს, როგორც ეს შარშან გააკეთა” – განაცხადა მან.
”ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოვლენების ასეთ განვითარებას” – განაცხადა შლიახტუროვმა, რომელიც აკონტროლებს რუსეთის უდიდეს სადაზვერვო სამსახურს, რომლის აგენტებიც მთელს მსოფლიოში მუშაობენ და თავად რუსეთის შიგნით ჰყავთ ათასობით სპეციალური რაზმები.
სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს მთავრობის კონტროლს 1990-იანი წლების დასაწყისში გამოეყო. რუსეთმა ორივე რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად შარშანდელი ხუთდღიანი ომის შემდეგ აღიარა, როდესაც მისმა არმიამ სამხრეთ-ოსეთზე საქართველოს შეტევა მოიგერია.
მაგრამ რუსეთს მხოლოდ ორმა ქვეყანამ, ნიკარაგუამ და ვენესუელამ მიბაძა, დანარჩენი მსოფლიო კი ამ ორ რეგიონს საქართველოს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ერთიანობისკენ მიისწრაფვის, მაგრამ აჯანყებული რეგიონების ძალით დაბრუნებაზე პრეტენზია არა აქვს.
იშვიათი საჯაროობა
გრუ-ს ხელმძღვანელები მედიასთან იშვიათად საუბრობენ, ხუთშაბათის ინტერვიუ სადაზვერვო სამსახურის დაარსებიდან 91 წლისთავის აღნიშვნას დაემთხვა. ის 1918 წელს რევოლუციონერმა ლიდერმა ლევ ტროცკიმ შექმნა.
შლიახტუროვმა ”იტარ-ტას”-ს უთხრა, რომ აღმოსავლეთ-ევროპიდან ”ნატო-ს ახალი წევრები” საქართველოს იარაღით და საბრძოლო მასალით ამარაგებდნენ, ხოლო ისრაელი მას უპილოტო თვითმფრინავებს აწვდიდა.
მან განაცხადა, რომ მძიმე არტილერია და ანტი-სარაკეტო სისტემა საქართველოს უკრაინამ გადასცა. გრუ-ს ჯარები შარშანდელი ომის დროს საქართველოს წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე იბრძოდნენ.
”საქართველო აღადგენს მის სამხედრო პოტენციალს უცხოეთის ქვეყნებისგან მიღებული სამხედრო აღჭურვილობითა და შეიარაღებით” – სთქვა მან – ”მათ ახალი თავგადასავლის წამოწყება წარმატებით შეუძლიათ”.
ხუთშაბათს, სამხრეთ-ოსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ოთხი შეიარაღებული ქართველი მოზარდი ცხინვალში, გამოყოფილი რეგიონის დედაქალაქში დააკავეს, რომლებიც არალეგალურად გადავიდნენ სამხრეთ-ოსეთში.
”მოზარდებს ოთხი ყუმბარა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩამოერთვათ” – ნათქვამია სამხრეთ-ოსეთის მთავრობის განცხადებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათი დაუყოვნებლივ უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.
Reuters
ForeignPress