რუსეთმა სამ დღეში ორი საფრონტო ბომბდამშენი დაკარგა და Су-24М-ების ფრენები დროებით შეაჩერა სოფელ ძევერის მკვიდრნი ადვილად წარმოიდგენენ, რა დღეში ჩაცვივდებოდნენ როსტოვის ოლქის იმ სოფლის მცხოვრებნი, რომლის მახლობლად 19 ივნისს 40-ტონიანი თვითმფრინავი დაენარცხა მიწას - შარშან, 10 აგვისტოს ასეთივე Су-24М ძევერლების ბაღებში აფეთქდა.
ყოვლად შესაძლებელი იყო, რომ ამ რუსულ საფრონტო ბომბდამშენს დღემდე ვერ მოეღწია და 2008 წლის აგვისტოში ქართულ მიწაზე ჩამოვარდნილიყო, რადგან ეს Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენი მოროზოვსკის საავიაციო-ბომბდამშენ პოლკს ეკუთვნის (მოროზოვსკის 559-ე პოლკის შეიარაღებაში 37 ცალი Су-24М-ია. მოროზოვსკიდან საქართველომდე დაახლოებით 550 კმ-ია) და აგვისტოს ომში ისიც ბომბავდა ქართულ ქალაქებსა და სოფლებს.
ბომბდამშენი გადარჩებოდა, ავარიამდე ერთი დღით ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ტიპის ბომბდამშენების ფრენა დროებით რომ შეეჩერებინა.
17 ივნისს ასეთივე Су-24М-ტიპის საფრონტო ბომბდამშენი მურმანსკის ოლქში, მონჩეგორსკთან ჩამოვარდა. ასეთი საავიაციო შემთხვევის შემდეგ, გამოძიების დამთავრებამდე, როგორც წესი, დროებით აჩერებენ იმავე ტიპის საავიაციო აპარატების ფრენას.
რუსეთის გენერალიტეტმა ეს არ გააკეთა და სავალალო შედეგიც მიიღო, ორ დღეში კიდევ ერთი ბომბდამშენი დაკარგა.
სამ დღეში ორი საფრონტო ბომბდამშენის დაღუპვის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინება და ავარიების მიზეზების დადგენამდე ამ ტიპის თვითმფრინავების ფრენები შეაჩერა.
შეიძლება მკითხველმა იფიქროს, ჩვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვსო.
თუკი რუსული საფრონტო ბომბდამშენების ფრენები რამდენიმე კვირით მაინც შეჩერდა, მაშინ ნაკლებია შანსი იმისა, რომ რუსეთმა ისინი გამოიყენოს საქართველოს დასაბომბად, როგორც ეს შარშან, ომში მოხდა.
29 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებთან უდიდესი მასშტაბების რუსული ოპერატიულ-სტრატეგიული დონის სწავლება - Кавказ-2009 გაიმართება, რომელშიც საფრონტო ბომბდამშენ Су-24М-ებს ერთ-ერთი მთავარი როლი ეკისრებათ...
ირაკლი ალადაშვილი