ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
საქართველოს სახელოვანი შევარდენი (ანუ მფრინავი)

"შენ გენაცვალე, ჭიჭიკო!”

"როცა თვითმფრინავით დავდევ ვერაგ მტერს, ასე მგონია, ჩემი საქართველოს ძალა მიდგას მკლავში"
დიდ სამამულო ომში 700 ათასამდე ქართველი იბრძოდა უკიდეგანოდ გადაჭიმული ფრონტის სისხლიან შეტაკებებში. მათგან ნახევარი ვეღარ ეღირსა საქართველოში დაბრუნებას (პროცენტულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის!). ბევრმა მათგანმა ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის საბრძოლო მედლებითა და ორდენებით დაიმშვენა მკერდი, ხოლო 167 ვაჟკაცი კი გმირის ოქროს ვარსკვლავით დააჯილდოეს. მათ შორის იყო სახელოვანი მფრინავი, ფაშისტთა საჰაერო ძალების რისხვა, "ცის შევარდნად" აღიარებული ჭიჭიკო ბენდელიანი. მისი სახელი და საქმეები სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ლეგენდები კი არასოდეს კვდებიან...

1914 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ გორაბერეჟოულში დაიბადა და აღიზარდა ჭიჭიკო ბენდელიანი. მფრინავობაზე ოცნებობდა და ნატვრის ასრულებას ისე მიზანსწრაფულად ცდილობდა, ცხადი იყო, ჭაბუკს დიდი მომავალი ელოდა. მალე ამ საქმის ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა. მერე ომიც დაიწყო...
22 ივნისს, ომის პირველსავე დღეს მიიღო ლეიტენანტმა ბენდელიანმა საბრძოლო ნათლობა. ამის შემდეგ ყველა დარწმუნდა, რომ საბჭოთა საჰაერო ესკადრას ახალი შევარდენი შეემატა, ყველაზე ლაღად და შეუპოვრად რომ ნავარდობდა ცაში. კიევის დასაბომბად დაძრულ, მესერშმიტების”დაცვით მფრინავ 20 გერმანულ "იუნკერსს" გზა გადაუღობა მოძველებული ბ-16-ით ოთხმა მფრინავმა, რომელთა შორის იყო ჭიჭიკო ბენდელიანი. საბჭოთა მოიერიშეები მტრის სიმრავლეს არ შეუშინდნენ და გამანადგურებელი ცეცხლით მათ რიგებში ჯიქურ შეიჭრნენ. ფაშისტები ასეთ თავზე ხელაღებულ შეტევას არ მოელოდნენ და დაფრთხნენ. თვალის დახამხამებაში 6“მესერი”დაენარცხა მიწას, მათ შორის ერთი პირადად ქართველმა მფრინავმა დაასამარა...
პოლკში დაბრუნებულმა ჭიჭიკომ ცოლ-შვილი ევაკუაციისთვის გაამზადა. მისი მეუღლე ნადია არჩვაძე და ერთი წლის ქალიშვილი ჯულიეტა სამხედრო დაბაში ცხოვრობდნენ და ყოველ წუთს შეიძლებოდა მტრის ბომბების მსხვერპლი გამხდარიყვნენ. სამხედროთა ოჯახებით სავსე ეშელონი საქართველოსკენ გამოემგზავრა, ცის მცველად კი ბენდელიანის ეკიპაჟი გაჰყვა.
ჭიჭიკოს მეუღლე თვალცრემლიანი კითხულობდა ქმრის ბარათს: "სალამი გადაეცი, ნადია, საყვარელ საქართველოს, გადაეცი, რომ მისი შვილი არ შეარცხვენს და არ შედრკება მტრის წინაშე..." გაფართოებული თვალებით მისჩერებოდნენ მატარებლის სარკმლებიდან მგზავრები მათ გასაცილებლად ცაში აჭრილი ბენდელიანის ესკადრას. ახლოს არ მიიკარა ჭიჭიკომ მტრის თვითმფრინავები, გასაოცარი ოსტატობითა და სიმამაცით დაასიკვდილა ყველა, ვინც კი ბრძოლაში ჩაბმა გაბედა, დანარჩენებმა გაქცევით უშველეს თავს...
პირველ ბრძოლას მეორე მოჰყვა, მერე მესამე... მეათე... სულ 410 საბრძოლო გაფრენა მოასწრო ჭიჭიკო ბენდელიანმა, მათ შორის 85 საჰაერო შეტაკებაში პირადად ჩამოაგდო მტრის 12 თვითმფრინავი, ჯგუფთან ერთად კი - 30. მალე მამაც ქართველს მაიორის წოდება მიანიჭეს. პოლკში ყველას უყვარდა მუდამ მოღიმარი და მეგობრებისთვის თავგადაკლული ვაჟკაცი. სიკვდილზე ფიქრსაც არ აცლიდა ჭიჭიკო თანამებრძოლებს, გახურებულ შეტაკებებში ამხნევებდა მეგობრებს და ძალას უორმაგებდა. თანაპოლკელები სიყვარულით ქართულად მიმართავდნენ - "შენ გენაცვალე, ჭიჭიკო!"
"როცა თვითმფრინავით დავდევ ვერაგ მტერს, ასე მგონია, ჩემი საქართველოს ძალა მიდგას მკლავში. რაც უფრო მაღლა მივფრინავ, მით უშიშარი ვხდები. არ დავზოგავ ძალ-ღონეს და სიცოცხლეს მტრის გასანადგურებლად. აქ, უკრაინაში, მე ვიცავ ჩემს საქართველოს! ჩემს მოხუც დედ-მამას, პაწია შვილს, ჩვენ გავიმარჯვებთ", - სწერდა მეუღლეს ჭიჭიკო ბენდელიანი...
ომის დაწყებიდან ერთ თვეში ბენდელიანის გმირობამ გააოგნა მტერიც და მოყვარეც. გასაოცარი სიზუსტით შესრულებული საჰაერო ტარანით - თავისი თვითმფრინავის ფრთით "მესერშმიტს" კუდი მოაჭრა და მიწას დაანარცხა. ტარანი ითვლება უკიდურეს ნაბიჯად, ერთგვარ კამიკაძეობად, რომლის განხორციელების დროს მფრინავი თითქმის უეჭველ სიკვდილზე მიდის. "მესერის" შტურვალთან იჯდა ლეგენდარული გერმანელი მფრინავი, რკინის ჯვრის კავალერი, ობერლეიტენანტი კურტ სოხაცკი, რჩეული პილოტი, რომელსაც 38 თვითმფრინავი ჰყავდა ჩამოგდებული(!).”ამ ამბავმა მესამე რაიხის თავკაცებიც კი შეაშფოთა და ბენდელიანის ეკიპაჟზე ნადირობა გამოცხადდა(!)...
არც ერთი საჰაერო ბრძოლა არ მთავრდებოდა ჭიჭიკო ბენდელიანის ნიშანდაუსმელი. 1942 წლის 21 მაისს ქართველმა მფრინავმა უსასტიკეს შეტაკებაში ორი გამანადგურებელი და ერთი მოიერიშე ჩამოაგდო(!). გერმანელები გაოგნებული დარჩნენ - როგორ მოახერხა მხოლოდ ოთხი გამანადგურებლისგან შემდგარმა ბენდელიანის ეკიპაჟმა ფაშისტთა 24-თვითმფრინავიანი ესკადრილიის დაშლა და გაძევებაო. ქართველი მფრინავი ჯიქურ შევარდა გერმანულ ბომბდამშენთა შორის და ისე დააწიოკა, რომ ღმერთმა უწყის, ვინ საით გარბოდა და საით ცდილობდა ყელს მომდგარი სიკვდილისგან თავის გარიდებას. ამ საჰაერო ბრძოლას საკუთარი თვალით ხედავდნენ ფრონტის ხაზზე ორივე მხარის ქვეითი ჯარისკაცები. მერე კი მოხდა საოცრება - ბენდელიანის იერიშით თავგზააბნეულმა ფაშისტებმა ბომბები საკუთარ ჯარებს დააყარეს თავზე(!)...
მოკლე ხანში ბენდელიანი სტალინგრადის დამცველთა რიგებში გადაიყვანეს. არც იქ შეურცხვენია თავი - 5 თვითმფრინავი ჩამოუგდო ფაშისტებს...
თანამემამულის გმირობის ამბავმა სტალინის ყურამდეც მიაღწია. ჭიჭიკო ბენდელიანის გმირობა უკვე პირზე ეკერა დიდსა და პატარას. 1943 წლის 24 აგვისტოს ქართველ მფრინავს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს(!)..
ამის შემდეგ გაათმაგებული ენერგიით გააგრძელა საჰაერო საოცრებათა კასკადი ბენდელიანმა. ჭიჭიკოსთვის გმირის წოდების მინიჭება მეორედაც სურდათ, მაგრამ ვიღაცას გულზე ეკლად დაესო მისი წარმატება. მისმა საუკეთესო მეგობარმა და ეკიპაჟის წევრმა თბილისში სტუმრობისას უამბო ჭიჭიკოს ქალიშვილს, რომ ერთხელ, საბრძოლო გაფრენიდან დაბრუნებული, მოულოდნელად გაუშვეს ხელახალ დავალებაზე. არანაირი ლოგიკით ჭიჭიკო აღარ უნდა ასულიყო ცაში, ვინაიდან ეკიპაჟის ბიჭებმა ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ თვითმფრინავები სარემონტოდ დააყენეს და სასადილოში აღნიშნეს კიდეც მტრის განადგურება რამდენიმე ჭიქით. მეორე დილამდე უნდა დაესვენათ, მაგრამ ნასვამი მაინც აიძულეს, დავალების შესასრულებლად წასულიყო. საბედნიეროდ, მაშინ უვნებელი დაბრუნდა, მაგრამ ვერაფრით ხსნიდნენ მისი მეგობრები, როგორ გაიმეტეს უეჭველი სიკვდილისთვის პოლკის საუკეთესო მებრძოლი...
მალე ჭიჭიკო ბენდელიანი ამერიკული წარმოების "აეროკობრაში" გადაჯდა და ახალი ტექნიკაც უცებ აითვისა. ახლა ამ თვითმფრინავით დაერია "მესერებსა" და "ფოკე-ვულფებს".
1944 წლის 20 ივლისს პოლონეთის საზღვართან გამართულ ბრძოლებში საავიაციო პოლკმა, რომელშიც გვარდიის მაიორი ჭიჭიკო ბენდელიანი ირიცხებოდა, მორიგი საპასუხისმგებლო დავალება მიიღო: უნდა გაენადგურებინა მტრის მრავალრიცხოვანი რეზერვი. ბომბებით აღჭურვილ საბჭოთა "ილებს" მცველად ბენდელიანი და პოლკის მეთაურის მოადგილე ვერხოვსკი ჩაუდგნენ. დანიშნულების ობიექტთან მიახლოებისას მათ თავს დაესხა 6 "ფოკე-ვულფისგან" შემდგარი ეკიპაჟი. ჩანს, გერმანელები საგანგებოდ ემზადებოდნენ ამ შეტაკებისთვის და მიახლოებისთანავე შეთანხმებული მანევრი ჩაატარეს - ორი "ფოკე-ვულფი" ძირს დაეშვა, ოთხი კი 1700 მ სიმაღლეზე დარჩა და კურსი მზის მიმართულებით აიღო, რათა მხედველობის არე შეეზღუდათ ბენდელიანისა და ვერხოვსკისთვის. გერმანელებმა "ილები" გაატარეს და მათ მცველებს შეუტიეს, მაგრამ მათ არ იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე - ჭიჭიკომ ეს მანევრი იოლად გაშიფრა და წამსვე შეტევაზე გადავიდა. ტყვიამფრქვევის მოკლე ჯერი და ერთი "ფოკე-ვულფი" მიწაზე დაენარცხა. დარჩენილი სამი ბრძოლას გაექცა. ბენდელიანი მაშინვე პიკირებაზე გადავიდა, წამში დატრიალდა, დაბალ სიმაღლეზე მოძრავ მტრის თვითმფრინავებს დაერია, რომლებიც "ილებს" ავიწროებდნენ და გაფანტა. მაგრამ ვერხოვსკი გამოეთიშა საერთო გეგმას. ის ბრძოლით შეკრა”მტრის ორმა მოიერიშემ. ფაშისტებს კიდევ ორი ახალი "ფოკე-ვულფი" დაემატათ, წინა სამიც მობრუნდა და...
ჭიჭიკო მარტო დარჩა 5(!) მტრის თვითმფრინავის წინააღმდეგ. საოცარ სახილველს უცქერდნენ სანგრებიდან ქვეითები. ბენდელიანი ყოველი მხრიდან წამოსულ მტერს დიდოსტატურად იგერიებდა და იქით ავიწროებდა. აი, კიდევ ერთი ფაშისტი დაეშვა ცეცხლმოდებული. ჭიჭიკო დარჩენილ ოთხეულს მიუბრუნდა და არ აძლევდა თავის დასაცავ "ილებთან" მიახლოების საშუალებას. ამასობაში საბჭოთა ბომბდამშენებმა მესამე შემოვლაზე კიდევ ერთხელ დაბომბეს მტრის რეზერვი. დავალება შესრულდა. ახლა რჩებოდა აეროდრომამდე მშვიდობიანად დაბრუნება. ყველანი ბენდელიანის ვაჟკაცობის იმედად იყვნენ...
"ილებმა" პირი აეროდრომისკენ ქნეს. ჭიჭიკოს ბრწყინვალე მანევრირებითა და განუწყვეტელი იერიშით "დაბმული" ჰყავდა მტრის ოთხეული და "ილებს" მშვიდად გაცლის საშუალებას აძლევდა. სწორედ ამ დროს გერმანელებს ახალშემომატებული ორი "ფოკე-ვულფი" დიდი სისწრაფით "ილებს" აედევნა. ჭიჭიკოს ახალი საფრთხე არ გამოჰპარვია. იმწამსვე მიხვდა, თუ არ მიეშველებოდა მეგობრებს, მათ უეჭველი სიკვდილი ელოდათ. მიეშველებოდა და... თავად არ ასცდებოდა სიკვდილი, რადგან მტრის ოთხეული მაშინვე კვალში ჩაუდგებოდა და ზურგიდან დასცხებდა...
წამებში წყდებოდა სიკვდილ-სიცოცხლის ბედი(!)... ქართველი გმირი ჰაერში მკვეთრად დატრიალდა და მეგობრების მისაშველებლად გაქანდა(!)...
ნამდვილი "ვარსკვლავური ომის" მომსწრენი გახდნენ თვითმხილველნი - წინ საბჭოთა "ილების" სამეული, მათ კვალზე ორი გერმანული "ფოკე-ვულფი", ამ "ფოკე-ვულფებს" თავბრუდამხვევი სისწრაფით მიახლოებული ბენდელიანი და ქართველ შევარდენს ადევნებული კიდევ ოთხი სვასტიკიანი თვითმფრინავი(!)...
საზღვრამდე და, შესაბამისად, სამშვიდობომდე კი სულ ორიოდე კილომეტრი იყო...
ტყვიამფრქვევის კაკანი ბენდელიანის აეროკობრიდან... ერთი ფაშისტი ალმოდებული დაეშვა, მეორემ გაქცევით უშველა თავს... ახლა ერთი მკვეთრი პიკირებაღაა საჭირო და ჭიჭიკოც თავს დააღწევს ზურგიდან წამოსულ ტყვიების წვიმას...
მაგრამ "ილებს" სულ რამდენიმე წამიღა რჩებათ საზღვრამდე და სანამ სამშვიდობოს გააღწევენ, ვაითუ ფაშისტთა ტყვიებმაც უწიონ. აქამდე არ მომხდარა, ბენდელიანის დაცვის ქვეშ მყოფებს ტყვია დასწეოდათ(!)...
ზურგს უკან მიხედვა მოასწრო ქართველმა გმირმა... ზედ კუდზე "ასხდნენ"”ფაშისტები...
და არ გაეცალა ჭიჭიკო ბენდელიანი მტერს(!).. ოთხივემ დააყარა ტყვია ზურგიდან... ჰაი დედასა, პასუხის გაცემის საშუალებაც არ ჰქონდა თანამებრძოლებისთვის თავგანწირულს და მათზე გადაფარებულს...
უვნებლად გაასწრეს "ილებმა" სამშვიდობოს(!)...
ბენდელიანის "აეროკობრა" ერთიანად დაცხრილული და ალმოდებული ძირს დაეშვა. მძიმედ დაჭრილმა მაინც მოახერხა თვითმფრინავის მშვიდობიანად დასმა. ამოცვივდნენ სანგრებიდან გაოგნებული საბჭოთა ქვეითები, კაბინიდან გადმოიყვანეს გასისხლიანებული ქართველი. ერთი გაიღიმა და თანამებრძოლების ხელებზე დალია სული ჭიჭიკო ბენდელიანმა...
მეორე დღეს პოლკში მოასვენეს ქართველი შევარდენი. ერთი დღით საბრძოლო გაფრენები შეწყდა(!). თანაპოლკელები გლოვობდნენ მამაცთა შორის უმამაცესი მფრინავის სიკვდილს. კვლავ ქართული სიტყვებით გამოეთხოვნენ - "შენ გენაცვალე, ჭიჭიკო!" და დაკრძალეს უკრაინაში, კოველსკის რაიონის სოფელ გლებიში.
საქართველოში კი გმირს ასე შეასხეს ხოტბა: "თბილისს მოვიდა ამბავი, დაიწვა გული მზიანი, ვარსკვლავებს მოსწყდა ვარსკვლავი, ჭიჭიკო ბენდელიანი!"”
P.S. 64 წელი განისვენებდა უკრაინის მიწაში ჭიჭიკო ბენდელიანი. 2008 წლის 6 მაისს, გიორგობას, ქართველი შევარდენი საქართველოში გადმოასვენეს. უკრაინელებს მისი საფლავისა და სახელისთვის ყურადღება და პატივი არ დაუკლიათ: ერთ-ერთი ქუჩა ბენდელიანის სახელობისაა, ხოლო უკრაინულ სკოლაში სპეციალური კუთხეა შექმნილი მრავლისმთქმელი წარწერით - "მზიური საქართველოს სახელოვანი შევარდენი". ჭიჭიკო ბენდელიანის ცხოვრებისეული ეპიზოდები კი სასკოლო პროგრამაში აქვთ შეტანილი(!). საქართველოში ეს თემა რატომღაც სწავლებიდან ამოიღეს(?!). ეტყობა, ვიღაცამ ჩათვალა, რომ ჩვენს მომავალ თაობას თანამედროვე გმირებიც”უხვად ჰყავს და წარსულის რაინდების გახსენება ზედმეტია(?!). 2004 წელს, თვით პუტინის ბრძანებით, საბჭოთა კავშირის გმირი, გვარდიის მაიორი ჭიჭიკო ბენდელიანი სამუდამოდ შეიყვანეს სავასლეიკის საავიაციო ბაზის სიაში. მსგავსი პატივი მხოლოდ ერთეულების ხვედრია(!). ერთსღა დავამატებ, - გმირები არ კვდებიან(!).“კლდე ჩამოიშლება, ქვა-მყარი დაირღვევა, სახელი კი არ მოიშლება არასდროს...

ზვიად სეხნიაშვილი
გაზეთი "კვირისპალიტრა"

ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja