უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ეჟელი სტუმრობს. დღეს უკრაინელი კოლეგა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიიღო. ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
ცერემონიის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. დახურულ კარს მიღმა მხარეებმა უკრაინასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს. დახურული შეხვედრის შემდეგ უკრაინის დელეგაციის წევრებმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე მოლაპარაკებები გამართეს. დღესვე ხელი მოეწერა უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის 2011 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.
შეხვედრების დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ქართველი და უკრაინელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ”უკრაინასა და საქართველოს ურთიერთობის მშვენიერი პერსპექტივები გვაქვს. დღეს გამართულ შეხვედრაზე კონკრეტულად იმ რეფორმებზე ვისაუბრეთ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში გატარდა. ამ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობის ძირითადი ფორმა უკრაინელ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებაა. მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობა საქართველოსა და უკრაინას შორის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი, არის და იქნება. ჩვენ ვისაუბრეთ მთელ რიგ საკითხებზე, როგორიც არის რეფორმები განათლების სისტემაში და გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებითაც მოხდება. ამ დღეების განმავლობაში საშუალება გვაქვს ამ სფეროსთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განვიხილოთ,” განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
”ჩვენ იმ საკითხებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ქვეყნების საერთო ინტერესებშია. ეს საკითხები ეხება ორივე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების რეფორმებს და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა არასოდეს შეწყვეტილა, როდესაც მონაწილეობას ვიღებდით ერთობლივ სწავლებებში “Blackseafor”, “Seabreaze”. თანამშრომლობა ასევე მოიცავდა ოფიცრებისა და სამხედრო ქვედანაყოფების მომზადებას უკრაინისა და საქართველოს სასწავლო ბაზებზე,” განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ეჟელმა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხაილ ეჟელი ხვალ ვაზიანის სამხედრო ბაზას მოინახულებს. ხვალვე უკრაინის თავდაცვის მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. მიხაილ ეჟელი ტარას შევჩენკოს მონუმენტსაც ეწვევა და პატივს მიაგებს უკრაინელი პოეტის ხსოვნას.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ლევან დუჩიძესთან.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ეჟელი საქართველოს ხვალ დატოვებს.